დირექტორთა კონკურსის მონაწილეები ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ

პუბლიკა

დირექტორობის კონკურსის მონაწილეებმა, დავით ფერაძემ და მაია ეკალაძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი შეიტანეს და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ოფიციალურად მოითხოვეს. პროტესტის მონაწილე პედაგოგები უკვე მერვე დღეა განათლების სამინისტროსთან არიან. 

„დღეს მოვითხოვეთ, რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში შეგვხვდეს პრემიერი მე და მაია ეკალაძეს. ბრძოლა გრძელდება, არ სრულდება და ველოდებით ახლა მთავრობის კანცელარიიდან პასუხს, “- ამბობს დავით ფერაძე.

მაია ეკალაძე ამბობს, რომ ხვალ, 12 დეკემბერს, დილის 12 საათიდან აპირებენ შემოიარონ თბილისის სკოლები მოწოდებით – „ ნურაფრის შეგეშინდება მასწავლებელო, იბრძოლე მოსწავლისთვის”.

„მსვლელობა დაიწყება თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან. ხოლო სამ საათზე აქციას ჩავატარებთ პრეზიდენტის სასახლესთან და მოვუწოდებთ პრეზიდენტს, მხარი დაუჭიროს სკოლას, მოსწავლეს და მასწავლებელს, “- -წერს ის.


დირექტორთა კონურსის მონაწილეები აპროტესტებს დირექტორთა სერტიფიცირების შედეგებს და მოითხოვენ:

  • დირექტორების შერჩევის კონკურსში დაბლოკილი კანდიდატების დისკრეციის წესით დანიშვნას;
  • მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატებას იანვრიდან და არა ივლისიდან.

მაია კალაძეს მიაჩნია, რომ უსამართლოდ ეთქვა უარი დირექტორის სერტიფიკატზე. სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოშიც გაასაჩივრა და გასაუბრების ხელახალ ჩატარებას ითხოვს. მასთან ერთად სასამართლოში გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალ ჩატარებას 26 კონკურსის მონაწილე მოითხოვს. მათ ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები” იცავს.