დონორი ორგანიზაციებისგან წლის ბოლომდე 1.5 მილიარდ დოლარს მივიღებთ - გახარია

პუბლიკა

გიორგი გახარიამ საერთაშორისო დონორებთან მოლაპარაკებებში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები დაეხმარებიან როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორს.

როგორც მან განაცხადა, პირველადი მოლაპარაკებების შედეგად მოიზიდეს „ძირითადი საბაზისო კრიზისული დახმარების პაკეტი“ და ამის შემდეგ მთავრობა, ისევ დონორ ორგანიზაციებთან ერთად დაიწყებს რეალურ მუშაობას პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე და იმედოვნებს, რომ  საქართველო უფრო მეტი რესურსის მოზიდვას შეძლებს.

რაც შეეხება დონორ ორგანიზაციებთან მიღწეულ შედეგებს, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობამ გააგრძელა სავალუტო ფონდთან პროგრამა, რაც ქვეყნისთვის დამატებით 447 მილიონ დოლარს ნიშნავს. სხვა დონორებისგან სახელმწიფო ბიუჯეტის დახმარებისთვის წლის ბოლომდე მილიარდ 500 მილიონი დოლარი შემოვა საქართველოში. დონორი ორგანიზაციები კერძო სექტორსაც დაეხმარებიან და ამისთვის მობილიზებულია მილიარდ 500 მილიონი.

„მოგეხსენებათ, რომ შედარებით მცირე რაოდენობაა ინფიცირებული და ეს მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ ერთ-ერთმა ყველაზე ადრე დავიწყეთ შეზღუდვების შემოტანა. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ასევე პირველთა რიგებში ვიყოთ, როდესაც დაივიწყებთ ეკონომიკის აღდგენაზე საუბარს.

ამის გაცხადების საშუალებას მაძლევს არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები.

აქტიურ მოლაპარაკებაში ვართ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. დავასრულეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელებაზე მოლაპარაკებები. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას. ეს ნიშნავს,  447 მილიონ დოლარს ერთი წლის განმავლობაში. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების პირობები, რომელიც უკვე მიღწეულია. მადლობა ევროკავშირს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტურციისა და განვითარების ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, გერმანიის განვითარების ფონდს. ყველა ის დონორი ორგანიზაციაა, რომელთან მოლაპარაკებების შედეგად [პირველადი მოლაპარაკებების შედეგად] შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ წლის ბოლომდე ამ დონორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკაში დამატებით ინექციის სახით შემოვა მილიარდ 500 მილიონი დოლარი. ეს არის ის ციფრი, რომელზეც ამ დონორ ორგანიზაციებთან შევთანხმდით, პირველადი შეთანხმების საფუძველზე, რომ ეს ინექცია და დახმარება განხორციელდება წლის ბოლომდე მხოლოდ სახელმწიფოს მიმართულებით. ეს არის საბიუჯეტო და მიზნობრივი დახმარებები, რომლებიც მიმართული იქნება საბიუჯეტო ასევე კონკრეტული პროექტების მიმართებაში.

ასევე იმავე სახის მოლაპარაკებები კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით გვქონდა დონორ ორგანიზაციებთან და დამატებით განაცხადეს მზადყოფნა, რომ საფინანსო და რეალურ სექტორს დაეხმარონ ასე მილიარდ 500 მილიონი დოლარით. ეს ის თანხაა რომელიც მობილიზებულია და თუ იქნება საჭიროება ჩვენს ბიზნესს შეეძლება ამ თანხების ათვისება“, – განაცხადა გახარიამ.