ბოლო დღეების განმავლობაში მედიაში აქტუალურია ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის საკითხი, რომელიც საპატრიარქოს, უფრო კონკრეტულად კი სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონს ექვემდებარება.
ამის მიზეზი გახდა იერარქის გადაწყვეტილება, არ შეუშვას ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის წარმომადგენლები, რომლებსაც დაწესებულების მონიტორინგის სრული უფლება და მოვალეობა აქვთ.
„ჩემს გვამზე მოუწევთ გადავლა“ – განაცხადა მიტროპოლიტმა სპირიდონმა. ამ დრომდე სახელმწიფო ამ ფაქტზე არ რეაგირებს.
ჩვენ გაგაცნობთ პანსიონში ჩატარებული ბოლო მონიტორინგის შედეგებს, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა 2015 წელს განახორციელა.
ანგარიშის მიხედვით, დაწესებულებაში ბავშვთა უფლებები მრავალმხრივ ირღვევა და ბავშვები არიან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი.
გთავაზობთ ამონარიდებს:
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ნინოწმინდის პანსიონში არსებული მდგომარეობა, ხშირია აღსაზრდელებს შორის როგორც ფსიქოლოგიური, ასევე, ფიზიკური ძალადობის შემთხვევები“…
„ბენეფიციარებს, დასჯის მიზნით, ეკრძალებათ ოთახიდან გასვლა, უწევთ კვების ერთი–ერთი კომპონენტის გამოტოვება – მაგ. ვახშმის. ბენეფიციარების თქმით, ფიზიკური დასჯის მიზნით, არასრულწლოვნებს თავზე ხელებდაწყობილს, თანატოლების თვალწინ უწევთ დერეფანში მუხლებზე ხოხვით სიარული“..,
„საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში ერთ– ერთ გავრცელებულ დასჯის ფორმას მეტანია წარმოადგენს… მეტანიების გაკეთების ვალდებულება ნინოწმინდის ბენეფიციარებსაც აქვთ, როგორც დასჯის ფორმა“…
„ბავშვები ჯგუფების მიხედვით იზოლირებულ სექტორებში არიან განთავსებული. სექტორი ორი საძინებელი ოთახისა და სასადილო ოთახისგან შედგება. არასრულწლოვნები თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ტელევიზორის ყურებაში ატარებენ. როგორც ბენეფიციართა ინტერვიუირებით გაირკვა, ბავშვებს არა აქვთ უფლება ითამაშონ ან გარკვეული დრო თავისუფლად გაატარონ პანსიონის დერეფანში, ხმაურისა და უწესრიგობის თავიდან აცილების მიზნით“…
„მონიტორინგის დროს, სასწავლო მერხებთან მეცადინეობდნენ ბავშვები, რომელთა ასაკი და ფიზიკური პარამეტრები არ შეესაბამებოდა მერხის ზომას. ასეთ მერხზე სისტემატიური და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჯდომა ქმნის ხერხემლის პრობლემების გაჩენის საფრთხეს; გარდა ამისა, მხედველობის პრობლემების პრევენციის მიზნით კი, მოცემული სასწავლო ადგილები უკეთ უნდა იყოს განათებული“..
ომბუდსმენი (ამ დროისთვის ამ თანამდებობას უჩა ნანუაშვილი იკავებდა) ანგარიშში სხვა მრავალ დარღვევაზეც საუბრობს, რასაც შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 15 აპრილს მათ რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ.
ამის მიზეზად დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის სპირიდონის მითითება დაასახელა.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა.