ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესზე ევროკავშირის ენერგოგაერთიანების განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილის, დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარის, დირკ ბუშლეს განცხადებას, რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მიერ დღეს გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული.

„ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებსა და მთავრობასთან, რათა გამოვნახოთ გამოსავალი“, – აღნიშნავს დირკ ბუშლე გავრცელებულ რელიზში.

ეკონომიკის სამინისტროსვე ცნობით, დირკ ბუშლე, გარემოს დაცვის ექსპერტ ალექსანდრა ბუჯაროსკასთან თანამშრომლობით და საქართველოს მთავრობის მოწვევით, ჩაერთვება „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით არსებულ სადისკუსიო პროცესში, იქნება შუამავალი მხარეებს შორის და აღნიშნულ პროცესს წარმართავს ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან მიმართებით ყველა დოკუმენტისა და პროცედურის შეფასების მიზნით.

„ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება არ არის მხოლოდ მთავრობათა ან პროექტების განმახორციელებელთა გაერთიანება. ჩემი მიზანია მოლოდინების შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად მოვიძიოთ გამოსავალი. ამ პროცესში ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველას მიეცეს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა გამოწვევა იყოს თავმოყრილი. პარალელურად, სამდივნო განიხილავს გარემოსდაცვითი პროცედურების დაცვით მომზადებულ დოკუმენტაციას,” – აღნიშნავს დირკ ბუშლე.

ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების რელიზის მიხედვით, გაერთიანების სამდივნოს არაერთხელ მიმართეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და გამოხატეს შეშფოთება ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის გარემოზე ზემოქმედებისა და უსაფრთხოების თაობაზე.

„ბოლო თვეების განმავლობაში, პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებოდა და აპროტესტებდა სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი მოსახლეობა. მარტში პროექტის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლები და მთავრობა შეთანხმდნენ კაშხლის მშენებლობის დროებით, სულ მცირე, ცხრა თვით შეჩერების შესახებ,“ – აღნიშნულია რელიზში.

ეკონომიკის სამინისტრო განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებულ დისკუსიაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება საქართველოს მთავრობის მიმართვის საფუძველზე ჩაერთო.