არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) „მინიმალური ხელფასის ოდენობასთან“ კანონპროექტის შესახებ მოსაზრებებს აქვეყნებს. ორგანიზაცია წერს, რომ კანონით განსაზღვრული, ღირსეული მინიმალური ხელფასი მშრომელთა დაცვის ფუნდამენტური ინსტრუმენტია, რომელსაც საქართველოში მშრომელთა და მათი ოჯახების სოცალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ისევე როგორც მშრომელთა უფლებრივი მდგომარეობის ხელშესახები გაუმჯობესება შეუძლია.
მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული კანონპროექტი მინიმალურ ხელფასს საქსტატის მიერ დადგენილი ყოველთვიური საშუალო ხელფასის 45%-ით განსაზღვრას ითვალისწინებს.
EMC წერს, რომ 2020 წლის მაისში ჩატარებულ გამოკითხვაზე პასუხად „რესპონდენტთა 48% აცხადებს, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს [მინიმალური ხელფასის დადგენას], ხოლო 27%-თვის ეს იდეა ნაწილობრივაა მისაღები.“ ორგანიზაციის თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეფექტური მინიმალური ხელფასის დაწესებას ეწინააღმდეგებოდა ამ დრომდე ხელისუფლებაში მყოფი ყველა საპარლამენტო უმრავლესობა.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ ამბობს, რომ მინიმალური ხელფასი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მშრომელთა დაცვის ეფექტური მექანიზმი, თუ მისი დადგენა რეალური საჭიროებების გათვალისწინებით მოხდება.
„ხაზგასასმელია, რომ ამ ზღვრული ხელფასის დადგენისას კანონმდებლობა არ უნდა დაეყრდნოს ხარვეზიან და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო დღეს მოქმედ საარსებო მინიმუმს და მისასალმებელია, რომ დაინიცირებული კანონპროექტი მინიმალური ხელფასის დასადგენად მის არსებულ საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას არ ითვალისწინებს“, – წერს EMC.
ორგანიზაციას კვლევიდან კიდევ ერთი ნაწილი მოჰყავს, რომლის მიხედვით, რესპონდენტების მიერ დასახელებული გონივრული მინიმალური ხელფასის საშუალო მაჩვენებელი 854.1 ლარს შეადგენს, რაც ამჟამად არსებულ საარსებო მინიმუმ ოთხჯერ აღემატება.
EMC მიმოიხილავს ქართული შრომის ბაზრის კონტექსტს და ამბობს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს შრომის ბაზრის პოლარიზაციის რისკი.
„თანამედროვე სერვის ეკონომიკებისათვის შრომის ბაზრის პოლარიზაცია – ანუ სამუშაო ბაზრის დაყოფა მკვეთრად გამოხატულ, უკიდურესად უთანასწოროდ ანაზღაურებულ “კარგ” და “ცუდ” სამუშაო ადგილებად – გარდაუვალი ფენომენია. მინიმალური ხელფასის დაწესება კი, ასეთი დაყოფით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური უთანასწორობის თავიდან ასაცილებლად ეფექტური ბერკეტია“, – წერს ორგანიზაცია.
გარდა ამისა, EMC-ის მტკიცებით, მინიმალური ხელფასის განსაზღვრა აუცილებელია უმუშევრობის შემწეობის შემოღებისთვის, ისევე როგორც უმუშევრობის დაზღვევისა და სტაბილური სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად. მათი თქმით, მინიმალური ხელფასი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაშინ ხდება, როცა ძლიერი მშრომელთა გაერთიანებები კოლექტიური მოლაპარაკებისას დასაქმებულთა ინტერესების ეფექტურად დაცვას ვერ ახერხებენ, ხოლო სამუშაოს დაკარგვის საფრთხე, რაც ხარვეზიანი სოციალური სისტემის გამო ბევრი ადამიანისთვის უკიდურეს სიღატაკეში ჩავარდნას გულისხმობს, დასაქმებულებს დამსაქმებელთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვნად ასუსტებს.
„კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დასაქმების ბაზარზე არსებული დაბალი ხელფასები ქვეყანას კვალიფიციური კადრების გარეშე ტოვებს, ხოლო საკვანძო სამუშაოს შემსრულებლებს სამუშაოს სიმძიმის, რისკებისა და მნიშვნელობის შეუსაბამო ანაზღაურებას სთავაზობს. მაგალითად, ექთნების ანაზღაურება დღეს ხშირად საარსებო მინიმუმს, ანუ 200 ლარსაც კი ვერ უტოლდება, ხოლო მკერავი ქალების ყოველთვიური ანაზღაურება, რომლებიც ეპიდემიურ ვითარებაში ქვეყანას პირბადეებით აწარმოებდნენ, როგორც წესი, 350 ლარს არ აღემატება“, – აცხადებს ორგანიზაცია.
EMC-ის თქმით, მინიმალური ხელფასი თვითდასაქმებულებსაც უნდა შეეხოთ, ამისთვის აუცილებელია დადგენილი მინიმალური ხელფასის შესაბამისი მინიმალური დასაშვები საათობრივი ანაზღაურების განსაზღვრაც.
„როგორც ეს სხვა შრომასა და სიმდიდრის გადანაწილებასთან დაკავშირებული ინიციატივების გაჟღერებისას ხდება ხოლმე, ცხადია რომ საკანონმდებლო ინიციატივა მინიმალური ხელფასის დადგენის შესახებ ორგანიზებულ, მძლავრ წინააღმდეგობას წააწყდება ბიზნესისა და დამსაქმებელთა გაერთიანებების მხრიდან. მშრომელებისა და მშრომელთა გაერთიანებების, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მხარდაჭერის გარეშე საჭიროებებთან შესაბამისი მინიმალური ხელფასის დადგენა, სავარაუდოდ, კვლავ ვერ მოხერხდება. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს აქტიური მონაწილეობა მიიღოს მინიმალური ხელფასის გარშემო მიმდინარე საკანონმდებლო პროცესსა და საჯარო დისკუსიაში“, – აცხადებს ორგანიზაცია.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტს, „მინიმალური ხელფასის ოდენობასთან” დაკავშირებით, პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა.
კანონპროექტი შემუშავებულია „მომსახურების და ჯანდაცვის სფეროების პროფკავშირი სოლიდარობის ქსელისა“ და „პროფკავშირების ახალი გაერთიანების” ავტორობით.
„საქართველოში მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია 1999 წლის შემდეგ. ქვეყანაში დაახლოებით 900 ათასი დასაქმებულიდან 229 ათასი დასაქმებულის ხელფასი თვეში 250 ლარზე ნაკლებია. მათ შორის არიან მედმუშაკები, მასწავლებლები და მომსახურების სფეროში დასაქმებულებიც. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი საქართველოში მინიმალური ხელფასის გაზრდის წინააღმდეგია, ვხედავთ, რომ ჩვენ რეგიონში ყველაზე დაბალი და თითქმის 21-ჯერ უფრო ნაკლები გვაქვს განსაზღვრული მინიმალური ხელფასი ჩვენს შემდეგ ყველაზე დაბალი მინიმალური ხელფასის ქვეყანასთან შედარებით”, – წერს „სოლიდარობის ქსელი” facebook-ზე.
მათი თქმით, კანონპროექტი მინიმალური ხელფასის 20 ლარიდან 500 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.
კანონპროექტის შინაარსის შესახებ ვრცლად გაეცანით „პუბლიკის” მასალას არქივიდან. აღსანიშვანია, რომ „მინიმალურ ხელფასთან” დაკავშირებით ჩანაწერი ასევე ამოიღეს დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის საკანონმდებლო ინიციატივიდან.