„ექიმებს საზღვრები არ აქვთ, არც მშვიდობიანობის და არც ომიანობის დროს“ - გაფრინდაშვილის ოჯახი

პუბლიკა

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ცხინვალის ციხეში პატიმრობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ.

ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლმა, თამილა ლაფანაშვილმა აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ოს ხალხს მიმართა: „საუკუნეებია ჩვენ კავკასიაში ვცხოვრობთ, ერთი ცის ქვეშ და დარწმუნებული ვარ, რომ მრავალი საუკუნე ისევ ასე გაგრძელდება. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ემყარებოდა ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის პრინციპებს. მჯერა, რომ ის გაუგებრობები და პრობლემები, რაც გვქონდა ჩვენს ურთიერთობაში, ისევ მოგვარდება ამ პრინციპების – ვაჟკაცობისა და ტოლრენატობის გამოღვიძებით“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი თავისი ჰუმანური საქციელის გამო საკუთარ სამშობლოში ციხეშია გამოკეტილი – „ეს გვანადგურებს ჩვენ, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“.

თამილა ლაფანაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ ექიმის მხარდასაჭერად გამოთქმული თითოეული სიტყვა დასაფიქრებელია, რადგან ნებისმიერი რამ შეიძლება „მის საწინააღმდეგოდ მოტრიალდეს“.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა საოკუპაციო ხაზთან თეთრი ბუშტები, თეთრი ხალათი და ქართულად და ოსურ ენაზე დაწერილი ტრანსფარანტი მიიტანეს; „ოსო ექიმებო, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ავადმყოფებზე და მიეცით ამის საშუალება ვაჟა ექიმს. მე დარწმუნებული ვარ, იქაც რომ  ჰქონდეს საშუალება ვაჟას, იქაც უანგაროდ დაეხმარება პაციენტებს, როგორც აქ ეხმარებოდა. გვინდა ეს თეთრი ხალათი გავუშვათ, რომ იქნებ გადალახოს მავთულხლართები და ვაჩვენოთ, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ, არც მშვიდობიანობის დროს და არც ომიანობის დროს“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

13 დეკემბერს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში დატოვა.

ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის ციხეში უკვე თვეზე მეტი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ექიმის გათავისუფლებისკენ საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ მოუწოდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო მთავარი საკითხი, რომელიც 10-11 დეკემბერს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისას განიხილეს. საქართველოსთან ერთად ეს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმაც მოითხოვეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ექიმს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.