ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე ამცირებს

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 13 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ახლა 8.25 პროცენტს შეადგენს.

ეს ნიშნავს, რომ გაიაფდება იმ ადამიანების საბანკო სესხი, ვისაც ის რეფინანსირების განაკვეთზე აქვთ მიბმული.

ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. თებერვალში ფასების საერთო დონე წლიურად 0.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.4% შეადგინა.

ეროვნული ბანკი წერს, რომ დაბალი ინფლაცია, როგორც შიდა, ასევე საგარეო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია. დაბალი ინფლაციის ძირითად განმაპირობებელ ფაქტორს, ერთი მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინების გამო, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების კლებადი ინფლაცია (2.4%) წარმოადგენს.

მეორე მხრივ კი, ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავდროულად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსიც მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ინფლაცია 2024 წლის დასაწყისში მიზნობრივ 3-პროცენტიან დონეზე დაბალი დარჩება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მის ირგვლივ დასტაბილურდება.

ეროვნული ბანკის განცხადებით, რეფინანსირების განაკვეთს სწორედ ამ და სხვა ფაქტორების ერთობლიობაში განხილვის შედეგად ამცირებს.

„თუ ინფლაციის მოლოდინებსა და საგარეო რისკებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, სხვა თანაბარ პირობებში, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება გახდეს საჭირო. […] მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 8 მაისს ჩატარდება.