ეს ადამიანები სწორედ გაუმართავი სისტემის მსხვერპლნი აღმოჩდნენ – ნაცვლიშვილი დაღუპულ მუშებზე

პუბლიკა

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამუშაო ადგილზე დაიღუპა და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ეს ადამიანები, სწორედ გაუმართავი სისტემის მსხვერპლნი აღმოჩდნენ“, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, ვირუსის შეკავების თვალსაზრისით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და მართლაც იმსახურებს შექებას, მაგრამ, მისი თქმით, „მხოლოდ და მხოლოდ ვირუსის მსხვერპლი არ ხდება ამ ქვეყანაში ადამიანი“.

ნაცვლიშვილი მიმართავს შრომის ინპექციას, რომ ნუ მოადუნებენ ყურადღებას და სწორედ ამ პერიოდში, როდესაც სხვა ნორმების შესრულებაზეა შრომის ინსპექცია ორიენტირებული, შრომის უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგზეც მოახდინოს კონცენტრაცია.

„თუ საჭიროა, მხარს დავუჭერთ სანქციების გაზრდის მექანიზმსაც, გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება, სანქციები მცირეა და, როგორც ჩანს, არ არის შემაკავებელი ფაქტორი“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მის მიერ ინიცირებულ ორ კანონპროექტზეც ისაუბრა – სამუშაო დროის დარეგულირების ინიციატივასა და მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შესახებ კანონპროექტებზე.

ბექა ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ, სამწუხაროდ, ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა მათ მიერ დარეგისტრირებულ შრომის კოდექსში ცვლილებებს, სამუშაო დროისა და ზეგანაკვეთური ანაზღაურების შესახებ.

ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ მის მიერ შრომის კოდექსში მომზადებული ცვლილებები ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია იმისათვის, რომ მშრომელები იყვნენ დაცულები.

„ანუ შრომის უსაფრთხოების დაცვა არ არის მხოლოდ და მხოლოდ შრომის ინსპექცია, არამედ არის ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ადამიანების ღირსეულ შრომის პირობებს არეგულირებს, რაც არის ელემენტარული დასვენების უფლება. თუ ადამიანმა ვერ დაისვენა და თუ ადამიანმა იმუშავა არანორმირებული სამუშაო დრო, ადამიანი უბრალოდ ფიზიკურად გადაიწვება და, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება ნებისმიერი შრომის უსაფრთხოების რეგლამენტის შესრულება ამ შემთხვევაში. ამიტომ ეს კანონმდებლობა არ არის უბრალოდ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების რაღაცა პატარა კომპონენტი. არამედ, ეს არის შრომის უსაფრთხოების გარანტიის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რომ ჩვენი მშრომელები იყვნენ დაცული“, – აღნიშნავს დეპუტატი ნაცვლიშვილი.

დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა, აგრეთვე, ისაუბრა მეორე კანონპროექტზე, რომელიც ადგენს მინიმალური ხელფასის განსაზღვრის წესს და კოლეგებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„კანონპროექტი იმდენად გონივრულად არის მომზადებული, რომ დამერწმუნეთ, არც ბიზნესს არ დააწვება მძიმე ტვირთად, რადგან ის ისეთ მექანიზმებს გულისხმობს, რომლებიც ათავისუფლებს მცირე და მიკრო ბიზნესს ამ ვალდებულებისგან და შესაბამისად შექმნის ვითარებას, სადაც მეტ-ნაკლებად უკეთესი ანაზღაურება ექნებათ ჩვენს მოქალაქეებს…

როდესაც არის ხოლმე საუბარი მადლობის გამოხატვაზე ექთნების მიმართ, სუპერმარკეტში დასაქმებული ადამიანების მიმართ, ბენზინგასამართ სადგურებზე დასაქმებული ახალგაზრდების მიმართ, მაღაროელების მიმართ, მეშახტეების მიმართ, რომლებიც მაშინაც კი აგრძელებდნენ შრომას, ამ ქვეყნისთვის დოვლათის შექმნასა და ჩვენთვის საჭიროებების უზრუნველყოფას, როდესაც ხშირად ჩვენ ყველა სახლში ვისხედით. კარგია, რომ დავაფასეთ მათი შრომა მადლობით, მაგრამ მადლობა არ იქნება ამისთვის საკმარისი. ამიტომ გთხოვთ, ახლა იწყება მინიმალური ხელფასის კანონის განხილვა და გავაცნობიეროთ მათ მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობა და ამ საკანონმდებლო ინიციატივას, როგორც კომიტეტებში, ისე პლენარულ სხდომაზე, მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.