ეს არის ის, რასაც ჩვენი სახელმწიფო უბრალოდ ვერ შეიწყნარებს - წულუკიანი ლუკაშენკოზე

პუბლიკა

„რასაკვირველია, ეს არის დაუშვებელი და შეუწყნარებელი ფაქტი, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ უკანონობა. ეს არის ის, რასაც ჩვენი სახელმწიფო უბრალოდ ვერ შეიწყნარებს. რასაკვირველია, რეაგირება იქნება“, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში ბელორუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაზე საუბრისას განაცხადა.

„რას ველოდებით, ძნელი სათქმელია. უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი წლის განმავლობაში, მიუხედავად სხვადასხვა „სურვილისა“ თუ „რჩევისა“ ლუკაშენკო ყოველთვის ინარჩუნებდა მყარ პოზიციას და არაღიარების პოლიტიკას უერთდებოდა და მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, გასარკვევია რა არის ეს – არის ეს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობაში თუ არა“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ეს ჩასვლა ერთჯერადი აქტიც რომ აღმოჩნდეს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ეს ნაბიჯი მაინც დაუშვებელია.

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

ლუკაშენკოს ვიზიტი დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მათ შესაბამისი განცხადებები „ტვიტერზე“ გაავრცელეს.

საქართველოში ბელორუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

LB loan image desktop LB loan image mobile