ეს მოხდა 1 ოქტომბერს, სამყაროში ასეთი შემთხვევითობები არ ხდება - გახარია სააკაშვილზე

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლასა და დაკავებას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერობის კანდიდატი პარტია „საქართველოდან“, გიორგი გახარია გამოეხმაურა.

გახარიამ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს „მასკარადი“ უწოდა და თქვა, რომ საუბარი იმაზე, ქვეყანა კარგად იმართება თუ ცუდად, არ არის რელევანტური, რადგან ქვეყანა არ იმართება.

„მინდა, ამის დატვირთვაც ყველასთვის გასაგები იყოს. ეს მოხდა 1 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სამყაროში ასეთი შემთხვევითობები არ ხდება.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ გეგმას ჰყავდა გარკვეული რეჟისორი. მისმა მსახიობებმა ეს გეგმა ნორმალურად, როგორც ჩანს, ვერ შეასრულეს და ამიტომ მოჰყვა ამას ამდენი იუმორისტული გაგრძელება. როგორც ჩანს, ეს გაგრძელება ბევრი იქნება.

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, 1 დღე იყო მიშა სააკაშვილი [საქართველოში] 2 თუ 1 კვირა. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები თავის ფუნქციას ვერ ან კიდევ უფრო უარეს შემთხვევაში არ ასრულებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ვერ იმართება და ეს ხდება ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. რა თქმა უნდა, ეს სიმბოლური კი არ არის, ეს არის მასკარადი, ცირკი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით,  ამ ყველაფერს ბევრი რეჟისორი ჰყავდა. ის დარწმუნებულია, რომ „ამ რეჟისურაში „ოცნებაც“ იყო ჩართული, „ნაციონალური მოძრაობაც“ და ეს წრე, როდესაც ორი წარსულის პარტია ერთმანეთს კოჭს უგორებს მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე, მიუღებელია“.


გუშინ, 1 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველის ცნობით, სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.