ეს შეიძლება გამხდარიყო დესტაბილიზაციის წინაპირობა - ვოლსკი გაბუნიას საქმეზე

პუბლიკა

„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქავთარაძის ქუჩაზე პარასკევს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ეთნიკურად ინგუში 40 წლის მამაკაცი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.

„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ეს კრიმინალური დანაშაული“ საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნას უნდა მომსახურებოდა. სუს-მა კი ის „ბოროტი განზრახვა“ გამოავლინა, რომელიც ქვეყანას და ადამიანის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს.

„ადამიანის მოკვდინება უშველებელი ცოდვაა და კონკრეტული ადამიანების მიმართ ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს, სიცოცხლის წართმევა არის არა მხოლოდ უდიდესი ცოდვა, არამედ კრიმინალური დანაშაული.

ვფიქრობ, რომ ეს კრიმინალური დანაშაული მნიშვნელოვანწილად უნდა მომსახურებოდა გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნას საქართველოში, რომ იქ რუსული თემა წამოიწეოდა, იქ გაბუნიას მიმართ კრიტიკული გამონათქვამიც ბევრი წამოვიდოდა მარცხნიდან, მარჯვნიდან და შემდეგ დასკვნების გაკეთებაც არ ეზარება ოპონენტების გარკვეულ ჯგუფს.

კიდევ კარგი, მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს ოპერაცია ჩაატარა და გამოავლინა ისეთი ბოროტი განზრახვა, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს, არამედ საერთოდ, საქართველოში შეიძლება გამხდარიყო გარკვეული შეხლა-შემოხლისა და დესტაბილიზაციის წინაპირობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კი განაცხადა, რომ ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორება და თავდასხმის ორგანიზება ხელისუფლებისთვის მიუღებელია და არავის მისცემენ ამის უფლებას.

„გამოძიება გრძელდება და აუცილებლად უნდა დადგინდეს, თუ კონკრეტულად ვის ინტერესებში იყო ამ დანაშაულის ორგანიზება და მისი შედეგები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა, მაღალი ალბათობით, გამოიწვევდა საქართველოს და მისი ხელისუფლების საერთაშორისო დისკრედიტაციას”, – წერია თალაკვაძის განცხადებაში, რომელიც პრესსამსახურმა გაავრცელა.

ოპოზიციაში მოითხოვენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვოს ინფორმაცია და გამოავლინოს არა მხოლოდ შემსრულებელი, არამედ დანაშაულის დამკვეთი პირებიც. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებები, ნაცვლად მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვისა, ოპოზიციის დევნითა და მიყურადებით არიან დაკავებული.

„მოვითხოვთ, მაქსიმალურად სწრაფად, დეტალურად გასაჯაროვდეს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია. საჯაროობა აუცილებელია იმიტომ, რომ  მოქალაქეების ნდობა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ არის ნულზე დასული. ზუსტად დადგინდეს, არა მხოლოდ დანაშაულის შემსრულებელი, არამედ ორგანიზატორები და დამკვეთები და ბოლოს, კატეგორიულად მოვითხოვთ, გამოძიებაში ჩართონ ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მოკავშირეების შესაბამისი უწყებები, იმიტომ, რომ ხელისუფლების გამოძიებისადმი ნდობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ნულზე დასული”. ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების პირობებში საქართველო რუსული სპეცსამსახურებისა და პუტინის ტერორისტების თარეშის ველად გადაიქცა; “,  – აცხადებს ვაშაძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი და ბრალდებული პირები საქართველოს საზღვარზე უპრობლემოდ გადმოდიან, საქართველოს მოქალაქეები კი დაცულები არ არიან. რატიანი იმედს გამოთქვამს, რომ ამ საქმის გამოძიება ბოლომდე მივა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა:

„მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გვსურს, გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა“, – აცხადებდა სუსი.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile