„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (ყოფილი EMC), „მწვანე ალტერნატივა” და საია ეხმაურებიან ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანიის „ენკას” და სახელმწიფო კომპანია – „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” მიერ მათ შესახებ მიერ გავრცელებულ განცხადებებს. მათი შეფასებით, კრიტიკული შეკითხვების საპასუხოდ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების ნაცვლად, სახეზეა ცილისწამების კამპანია.
განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციებზე
კომპანია „ენკამ” 6 აპრილს განცხადება გაავრცელა „მწვანე ალტერნატივას” შესახებ, სადაც ორგანიზაცია სიცრუისა და მანიპულაციის შემცველი ინფორმაციის განრველებაში დაადანაშაულა.
„მიგვაჩნია, რომ ამ ორგანიზაციის წარსული და ბიოგრაფია ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად დესტრუქციული და კონფლიქტურია მათი საქმიანობა, რომელიც პირველ რიგში თავს ესხმის და ებრძვის საქართველოში ჰიდროენერგეტიკის განვითარებას. ამაში დასარწმუნებლად დაინტერესებული პირი უბრალოდ უნდა გაეცნოს მათ საჩივრებს, განცხადებებს და სამიზნედ ამოღებული პროექტების პროფილს.
როგორც საზოგადოება ხედავს, ამჯერად ამ ორგანიზაციის მთავარი სამიზნე ნამახვანჰესის პროექტია, რომელიც ქართული ჰიდროენერგეტიკის განვითარებისთვის ერთ-ერთ საკვანძო რგოლს წარმოადგენს. ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივა მჭიდრო კავშირში იმყოფება და მონაწილეობს რიონის გუშაგებად წოდებულ პროტესტში და მანიპულირებს ადგილობრივი აქტივისტებით. მისი ეს საქმიანობა და როლი შეუმჩნეველი არ არის. კომპანია ენკა აუცილებლად დაიცავს თავის საქმიან რეპუტაციასა და ავტორიტეტულ პროფილს მსგავსი სუბიექტების შემოტევისგან.
ორგანიზაციას აქტივისტთა პირით მკაფიოდ აქვს გაცხადებული თავისი მიზნები, ხელი შეუშალოს ჰესის მშენებლობას, მოშალოს კონტრაქტი სახელმწიფოსა და კომპანიას შორის, დაძაბოს ორმხრივი და სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის…
ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ ფინანსდება ისეთი წყაროებიდან, რომლებიც ღიად ლობირებენ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს და ამდენად, მათ ინტერესში არ შედის ადგილობრივი ენერგეტიკული გენერაციის განვითარება. მათთან სრულ თანხვედრაშია განცხადების ავტორი ორგანიზაციის საქმიანობაც. გვსურს შევთავაზოთ „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელებს, მეტი გამჭვირვალობისა და ღიაობისთვის, განაახლონ ინფორმაცია მათი ორგანიზაციის დაფინანსების წყაროების შესახებ და საზოგადოებას აუხსნან მათი რეალური მოტივები”, – წერდა „ენკა” „მწვანე ალტერნატივაზე” [სრული განცხადება იხილეთ ბმულზე].
6 აპრილს განცხადება გაავრცელა ასევე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა. მათი თქმით, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ „ნამახვანი ჰესის” პროექტის კონკურსთან დაკავშირებული ბრალდებები უსაფუძვლო, მცდარი და ლოგიკას მოკლებულია.
„ეს არის ცილისწამების კამპანია” – არასამთავრობო სექტორის პასუხი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია აცხადებს, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო სივრცით სარგებლობის, გამოხატვის თავისუფლებისა და გადაადგილების უფლებების შეზღუდვას რიონის ხეობაში.
მათივე თქმით, ამ უფლებაშემლახავ პრაქტიკას ბოლო პერიოდში თან ახლავს დეზინფორმაციული და მადისკრედიტირებელი შეტევები აქტივისტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მეცნიერების წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ნამახვანჰესის პროექტის ამ ფორმით განხორციელებას.
„მთავრობის მისამართით საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური, სრულიად სამართლიანი პროტესტისა და კრიტიკული შეკითხვების საპასუხოდ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების ნაცვლად, სახეზე გვაქვს ცილისწამების კამპანია – როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკას”, ასევე სახელმწიფო კომპანია “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” მხრიდან. ამ პროცესში მთავრობა არათუ არ გვევლინება საჯარო ინტერესის დამცველად, მეტიც საჯარო კომუნიკაციაში მას ღიად ანაცვლებს კომპანია, რაც შლის ზღვარს სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის. სახელმწიფოს როლი მხოლოდ საპოლიციო ძალით და რეპრესიული ფორმით არის წარმოდგენილი, ეს კი უგულებელყოფს დემოკრატიულ პრინციპებს, ხელყოფს კანონის უზენაესობას, არღვევს ადამიანის უფლებებს, ხელს უშლის ამ პროცესების მშვიდობიან და დემოკრატიულ ფარგლებში გადაწყვეტას და ზრდის უსაფრთხოების რისკებს, როგორც რიონის ხეობის დამცველთათვის, ისე მათი უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის.
ცხადად ვხედავთ სახელმწიფოსა და პროცესში ჩართული სხვა ადგილობრივი თუ ცალკეული საერთაშორისო აქტორების მხრიდან გამოყენებულ ახალ სტრატეგიას, ნამახვანი ჰესის პროექტის გარშემო არსებული მშვიდობიანი და ლეგიტიმური წინააღმდეგობა დაუკავშირონ ბრძოლას ენერგოუსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, გამოაცხადონ ის მართულად, ქსენოფობიურად, პერიფერიულად, მარგინალურად და პროექტის წინააღმდეგ არსებული კრიტიკა გეოპოლიტიკურ კონტექსტში განიხილონ. სახელმწიფოსა და სხვა აქტორების ამგვარი რიტორიკა ცხადად ემსახურება იმ პროტესტის დელეგიტიმაციის მცდელობას, რომელიც თავისი არსით სწორედ სახელმწიფო და კოლექტიური ინტერესების დაცვისა და შენარჩუნებისათვის იბრძვის და მთელი ამ პერიოდის მანძილზე ააშკარავებს ეროვნული და საჯარო ინტერესის წინააღმდეგ მიმართულ შეთანხმებულ ქმედებებს მთავრობისა და კომპანიის მხრიდან”, – აცხადებენ ისინი.
ორგანიზაციების საერთო განცხადებას გაეცანით ვრცლად ბმულზე;