ორ პირს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა - დაკავებულია ერთი ადამიანი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1984 წელს დაბადებული ი.ე. დააკავეს. უწყება ამბობს, რომ მან ორ პირს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას ორ პირს: 1982 წელს დაბადებულ რ.ს.-ს და 1984 წელს დაბადებულ მ.ღ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი“, – წერია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.