ევროპული საბჭო ბელარუსისგან დაკავებული ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

პუბლიკა

წუხელ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერებმა მინსკში თვითმფრინავის ძალის გამოყენებით დასმისა და ჟურნალისტის დაკავების გამო ბელარუსის მიმართ საპასუხო ნაბიჯებზე იმსჯელეს.

სხდომის შემდეგ, ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაგმო ბელარუსში მომხდარი ინციდენტი და ლუკაშენკას ხელისუფლების მოქმედებები.

ევროპული საბჭოს განცხადებით, ის მოითხოვს ბელარუსისგან დაკავებული ჟურნალისტის, რომან პრატასევიჩისა და მისი მეგობარი ქალის, სოფია საპეგას დაუყონებლივ გათავისუფლებას. ასევე, ევროპულმა საბჭომ მოუწოდა სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას, გამოიძიოს ბელარუსში მომხდარი შემთხვევა.

ევროპული საბჭოს განცხადებით, ისინი საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ დამატებით მიზნობრივ სანქციებზე. სანქციებში მოხვდებიან კონკრეტული პირები და კომპანიებიც.

ამასთანავე, საბჭომ მოუწოდა ევროპულ კომპანიებს, თავი შეიკავონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლისგან. ბელარუსული ავიაკომპანიები კი შესაბამისი ზომების შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცესა და აეროპორტებს ვეღარ გამოიყენებენ.

ასევე, ევროპულმა საბჭომ სოლიდარობა გამოუცხადა ლატვიას, რომლის დიპლომატებიც მინსკში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაღრმავებული დაპირისპირების გამო ბელარუსიდან გააძევეს.

მოსალოდნელია, რომ ბელარუსს საჰაერო სივრცის შეზღუდვა და დამატებითი სანქციები ძვირი დაუჯდება. რუსული გამოცემა RBC-ის მიხედვით, ბელარუსი მხოლოდ ავიატრანზიტის შემოსავლებიდან, ყოველწლიურად, 50-70 მილიონ დოლარს იღებდა. ავიაინდუსტრია კი ქვეყნის მშპ-ს 2-3%-ს იკავებდა.

ევროკავშირის გარდა, ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას აჩერებს მისი მეზობელი უკრაინაც, რომელსაც ასევე აქტიური მიმოსვლა ჰქონდა მინსკთან. ჯერ კიდევ ევროპული საბჭოს მოწოდებამდე შეაჩერა ფრენები ბელარუსთან მისმა კიდევ ერთმა მეზობელმა – ლიეტუვამ.

ლუკაშენკას ხელისუფლების მოქმედებას აშშ-ის საელჩომ „შემზარავი“, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა კი „სახელმწიფო ტერორიზმი“ უწოდა.

ბელარუსი კი ამტკიცებს, რომ ინფორმაცია მიიღეს, თითქოს თვითმფრინავში პალესტინის ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ ბომბი იყო და თვითმფრინავი აფეთქების საშიშროების გამო შეაჩერეს. შეიარაღებული ძალების გამანადგურებელი MiG-29 კი თვითმფრინავს მინსკისკენ გადახვევის შემდეგ გაჰყვა. საბოლოოდ, თვითმფრინავის ბორტზე რაიმე საფრთხის არსებობა არ დადასტურდა.

გუშინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ჟურნალისტი რომან პრატასევიჩი მინსკში დაკავების შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. ამის საპასუხოდ, ბელარუსის ხელისუფლებამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჟურნალისტი ამბობს, რომ ის თავს კარგად გრძნობს და სამართალდამცველები ცუდად არ ექცევიან.


ბელარუსის ხელისუფლებამ საბერძნეთიდან ლიეტუვის დედაქალაქის, ვილნიუსისკენ მიმავალი Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ბელარუსის ცას ჰკვეთდა, მინსკში გუშინ ძალის გამოყენებით დასვა.

ბელარუსის სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავს დაჯდომა ბელარუსის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა MiG-29-მ აიძულა. ბელარუსის ხელისუფლებამ თვითმფრინავისთვის გზის გადაჭრის მიზეზად იქ ბომბის შესაძლო არსებობა მოიმიზეზა და ბელარუსელმა ოპერატორებმა თვითმფრინავს უახლოეს, მინსკის აეროპორტში დაფრენა მოსთხოვეს. თუმცა, როგორც BBC წერს, ის ვილნიუსთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე მინსკთან.

საბოლოოდ, მინსკში ჩხრეკის შემდეგ ბელარუსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იქ ბომბი არ იყო და თვითმფრინავი რამდენიმე საათის დაგვიანებით ვილნიუსში ჩაფრინდა. თუმცა, ორი მგზავრის გამოკლებით.

ბელარუსელმა სამართალდამდცველებმა თვითმფრინავის მინსკში დასმის შემდეგ დააკავეს ოპოზიციური მედიაგამოცემა Nexta-ის ყოფილი რედაქტორი, რომან პრატასევიჩი და მისი მეგობარი ქალი, სოფია საპეგა.