„ფანჯარა საკუთარ თავთან“ - ანტი-სტიგმა ილუსტრირებული წიგნი/დღიური მოზარდებისთვის

პუბლიკა

დღეს, 10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაცია „ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია” წარადგენს ანტი-სტიგმა ილუსტრირებულ წიგნ-დღიურს მოზარდებისთვის, სახელწოდებით – „ფანჯარა საკუთარ თავთან”.

COVID-19-ის პანდემიისა და შეზღუდვების პირობებში ორგანიზაცია წიგნის პრეზენტაციას ონლაინსივრცეში მართავს. პროექტი განხორციელდა ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი”, ევროკავშირისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ანტი-სტიგმა ილუსტრირებული წიგნი-დღიური ემსახურება ფსიქოგანათლებას, ბრაზთან, სევდასთან, შიშთან, დანაკარგთან გამკლავების ეფექტური სტრატეგიების შემუშავების ხელშეწყობას.

მტკიცებულებაზე დაყრდნობით, სწორედ მოზარდობის პერიოდია ის პერიოდი, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებმა შესაძლოა თავი იჩინოს. ამ ტექნიკების ცოდნა, მათი პრაქტიკაში დანერგვა კი პრევენციული საშუალებაა და მნიშვნელოვნად ამცირებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გაღრმავების რისკს.

წიგნი-დღიური ერთი შეხედვით წიგნს ჰგავს, რომელსაც არ ჰყავს ავტორი, თუმცა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მასზე მუშაობას დაიწყებს, თავად იქცევა მწერლად და შექმნის თავის ისტორიას, თავის წიგნს.

წიგნ-დღიურს ჰყავს მთავარი პერსონაჟი, მეგზური, რომელიც მთელ ამ თავგადასავალში თან დაჰყვება პოტენციურ მწერალს და მისი მიზანია მოზარდებს მიაწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მართვის სტრატეგიებსა და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ტექნიკებზე, როგორიცაა: ემოციური რეგულაციის სავარჯიშოები, სუნთქვის ტექნიკები, საკუთარ თავზე ზრუნვის სტრატეგიები, პრობლემაში რესურსის დანახვის სავარჯიშოები.

წიგნში, ასევე, თავმოყრილია მოზარდების მიერ შექმნილი მხატვრული ჩანახატები, რომლებიც ჰყვებიან ისტორიებს თუ როგორ უმკლავდებიან თავად ემოციურ სირთულეებს, რაც საშუალებას მისცემს სხვა მოზარდებს დაინახონ და იგრძნონ, რომ ისინი არ არიან მარტო და სხვებიც განიცდიან იმავეს. ჩანახატები შექმნილია მანანა ბეგიაშვილის ლიტერატურული სახელოსნოს მოსწავლეების მიერ, “- ამბობენ ორგანიზაციაში.

ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა გადმოიწეროს წიგნი-დღიური, ონლაინ რეჟიმში გაეცნოს მას, იმუშაოს და დაწეროს თავისი ისტორია, რომელიც მასთან დარჩება.

წიგნი/დღიურის გადმოწერა შეგიძლიათ ბმულზე.