ფაქტი, რომ სამართალდამცველებმა სამალავის კარი გააღეს გასაღებით, ბევრ რამეზე მეტყველებს - პრემიერი სააკაშვილზე

პუბლიკა

„მოსახლეობას ვეტყვი, ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ეს, მე ვფიქრობ, ბევრ რამეზე მეტყველებს. ვინ არის ჩამოშლილი და ვინ არის სრულად გაკოტრებული, ეს ფაქტიც ამაზე მიუთითებს“, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ ხმა მისცა და მედიის შეკითხვებს უპასუხა.

პრემიერის მტკიცებით, სიტუაცია იყო სრული კონტროლის ქვეშ.

„ჩვენ იმაზე მეტი ვიცით და ვიცოდით, რაც ვინმეს, თქვენ წარმოგიდგენიათ. საბოლოოდ, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მშვიდობიანი შედეგი დამდგარიყო. შევარჩიეთ ის დრო,  როცა სააკაშვილი იყო მარტო ამ ბინაში“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის აფასებს რისკს. მედიის შეკითხვებზე, თუკი სააკაშვილის საქართველოში ყოფნაზე ჰქონდათ ინფორმაცია, რატომ არ დააკავეს უფრო ადრე, პრემიერი ამბობს, რომ ამ დეტალებს სამართალდამცველი ორგანოები დააკონკრეტებენ.


მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბერს დილით სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ საქართველოშია. მოგვიანებით მან ბათუმში ღამით გადაღებული 2 ვიდეოც გაავრცელა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს უკრაინის საზღვარი არ გადმოუკვეთავს და ის ერთ-ერთ კურორტზე ისვენებს, ვიდეოს კი ფაბრიკაციად აფასებდნენ.

1 ოქტომბრის საღამოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. ღარიბაშვილმა თქვა, რომ პირველი ოქტომბერი ბიძინაობაა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის და რა გზით შემოვიდა მიხელ სააკაშვილი საქართველოში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე მსჯავრდებულია და 6 წელი აქვს მისჯილი. მის წინააღმდეგ სასამართლოში საქმეების განხილვა გრძელდება.