რუსეთის, ჩინეთის, უკრაინისა და სამხრეთ კორეის შემდეგ სახის ამომცნობი სისტემით გადახდა საქართველოშიც შესაძლებელი გახდა. „საქართველოს ბანკის“ პროექტის „ღიმილით გადახდის“ ფარგლებში მეტროსადგურ ავლაბარში სახის კამერის იდენტიფიკაციის გამოყენებისას კამერა ამოიცნობს თქვენს სახეს და სისტემა მგზავრობის თანხას ავტომატურად ჩამოგაჭრით ანგარიშიდან. ამ სერვისის მისაღებად კი საჭიროა, გადაიღოთ „სელფი“ მობაილბანკში და სასურველ ბარათს დაუკავშიროთ.
„საქართველოს ბანკში“ „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ამ სერვისის მიმღები კლიენტის თანხმობით, „სახის ანაბეჭდი“ ციფრულ ფორმატში დაშიფრულად ინახება.
რადგანაც პირის ვიზუალური მონაცემები პერსონალური მონაცემების ნაწილია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური „ღიმილით გადახდის“ კანონთან შესაბამისობას თავად „საქართველოს ბანკის“ მიმართვის საფუძველზე სწავლობს.
რა რისკი არსებობს მსგავსი სერვისის გამოყენებისას და რა სტანდარტებს უნდა იცავდეს კომპანია? – ამ საკითხზე „პუბლიკა“ საიას იურისტს, შორენა ლოლაძეს ესაუბრა. მისი თქმით, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებამდე კომპანიას ჰქონდეს კლიენტის ინფორმირებულობაზე დაფუძნებული თანხმობა, რადგან აღნიშნულის გარეშე მსგავსი ინფორმაციის დამუშავება უკანონო იქნება.
„ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია, შეინახება თუ არა ეს პერსონალური მონაცემები ისე, როგორც ამას კანონმდებლობა მოითხოვს. მაგალითად, ვის ექნება წვდომა ამ ინფორმაციაზე? რაიმე არასწორი მიზნით ხომ არ გამოიყენებენ მას? რა ვადით შეინახება? ხომ არ შეიძლება, რომ ზიანი მომაყენოს ამ ინფორმაციის დამუშავებამ ან ხომ არ არის გამჟღავნების საფრთხე? ხომ არ არის ეს კონტროლის მექანიზმი და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც კომპანია თუ რომელიმე უწყება იწყებს გარკვეული პერსონალური მონაცემების შეგროვებას, იმთავითვე უკვე არსებობს რისკი, რომ შეიძლება, დაირღვეს პერსონალური მონაცემები და ადამიანის უფლებები. იწყებ დამუშავებას და უკვე გარკვეული რისკიც ჩნდება და შენზე, როგორც დამმუშავებელზე, გარკვეული ვალდებულებებიც ამოქმედდება“, – ამბობს შორენა ლოლაძე.
საიას იურისტი ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ ბარათის მსგავსად ვიზუალური ინფორმაციაც შესაძლოა, კონტროლის მექანიზმად იქცეს, იმ განსხვავებით, რომ ვიზუალური ინფორმაციის მეშვეობით გაკონტროლება უფრო მარტივია.
„როდესაც მსგავს ინფორმაციას ამუშავებ, ამას სჭირდება გარკვეული ლეგიტიმური მიზანი – რას ამარტივებ ან ამ გამარტივებით უფლებას ხომ არ მიზღუდავ“.
„პუბლიკამ“ შეკითხვებით „საქართველოს ბანკსაც“ მიმართა, თუ რამ განაპირობა მსგავსი სერვისის დანერგვის საჭიროება:
„საქართველოს ბანკი, როგორც ინოვატორი, ყოველთვის ცდილობს თავის მომხმარებელს თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული მომსახურება შესთავაზოს. ვინაიდან სახის ანაბეჭდით გადახდა წამოადგენს უნიკალურ მეთოდს, რომელიც აქამდე მსოფლიოს მხოლოდ 4 ქვეყანაში იყო დანერგილი, ბანკმა გადაწყვიტა, ამგვარი გადახდის სისტემა შეეთავაზებინა მომხმარებლისთვის და კიდევ უფრო მიმზიდველი გაეხადა მომსახურება“, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები დაშიფრული სახით მანამდე შეინახება, სანამ მომხმარებელს „ღიმილით გადახდის“ სერვისით სარგებლობის სურვილი ექნება.
ბანკში აცხადებენ, რომ მონაცემებზე პირდაპირი წვდომა არავის არ აქვს, რადგან „ის დაშიფრულია და მისი აღდგენა ღია სახით შეუძლებელია“. ასევე აცხადებენ, რომ მონაცემების დამუშავებისას სქემაში გათვალისწინებულია პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის რჩევები და რეკომენდაციები.
„მომხმარებლის მიერ თავის პროფაილში სურათის ატვირთვის შემდეგ ხდება მისი გარდაქმნა დაშიფრულ ჩანაწერად. როდესაც მომხმარებელი ასრულებს რაიმე სახის ოპერაციას ბიომეტრიის გამოყენებით, ახლად დაფიქსირებული ფოტოს დაშიფრული კოდის შედარდება უკვე არსებულ ჩანაწერთან. თუ მონაცემები დაემთხვევა, ოპერაცია წარმატებით სრულდება“, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
ბანკი სამომავლოდ გეგმავს, ეს სისტემა ყველა მეტროსადგურში დაინერგოს. კომპანიის განცხადებით, ასევე შესაძლებელი გახდება „თანხის განაღდება ბანკომატებში და გადახდა სავაჭრო და მომსახურების წერტილებში“.
„პუბლიკას“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განუცხადეს, რომ მათი შესწავლის შედეგები, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი.