პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ რუსეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმებას განცხადებით ეხმაურება და მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, გამოვიდეს დანაშაულებრივი დუმილისა და უმოქმედობის რეჟიმიდან და მკაფიოდ გამოხატოს პოზიცია.
„რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ მიმართული პროცესი აქტიურ და უკიდურესად საშიშ ფაზაშია გადასული, რაც „ოცნების“ ხელისუფლების დანაშაულებრივი დუმილისა და უმოქმედობის ფონზე მიმდინარეობს.
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე მიიღო ვლადიმერ პუტინის მიერ ინიციირებული ფედერალური კანონი რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ შორის მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე, რაც ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია. განსაკუთრებით სიმბოლურ და ცინიკურ ხასიათს ატარებს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი 9 მაისს მოეწერა.
უკვე ყველასთვის აშკარაა „ოცნების“ ხელისუფლების დანაშაულებრივი დუმილი როგორც „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა“ (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში გამართული შეხვედრების შინაარსთან დაკავშირებით, ასევე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაზე, რომლის თანახმად, რუსეთის ფედერაცია კონფიდენციალურ რეჟიმში მუშაობს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის „ნეიტრალურ ტერიტორიაზე“ გადატანის საკითხზე.
„ოცნების“ ბოლო დროინდელი ქმედებები, საჯაროდ მოხდილი ბოდიში, 2008 წლის აგვისტოს ომში აგრესორად საქართველოს წარმოჩენის მცდელობა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნა, რომელსაც ქართული მიწის დაცვისათვის, მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად, სოფელ ჩორჩანაში სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს განთავსებისათვის, „ოცნების” ხელისუფლება ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის რიტორიკითა და რუსული პროპაგანდისტულ ნარატივებით ასამართლებს, პირდაპირ მიანიშნებს, რომ ეს პროცესები საეჭვო დანაშაულებრივ კავშირშია რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესთან.
მოვუწოდებთ „ოცნების“ ხელისუფლებას, გამოვიდეს დანაშაულებრივი დუმილის და უმოქმედობის რეჟიმიდან და მოახდინოს მკაფიო რეაგირება მომხდარ ფაქტზე, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებისა და შესაბამისი ფორმატების მობილიზაცია, რათა არ დავუშვათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის – ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესი“, – ნათქვამია განცხადებაში.
13 მაისს რუსეთის დუმამ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
შეთანხმებას ვლადიმერ პუტინმა და ალან გაგლოევმა 9 მაისს მოაწერეს ხელი.
რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, შეთანხმების თანახმად, მოსკოვი და ცხინვალი გააგრძელებენ ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას და თანდათანობით გადავლენ საგარეო სესხებისა და უცხოური ინვესტიციების ერთიან მიდგომაზე. ასევე იგეგმება ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაცია, საერთო კომუნიკაციებისა და ტელეკომუნიკაციების განვითარება და სოციალურ, შრომით და კულტურულ სფეროებში ურთიერთქმედების გაფართოება.
Ria.ru-ს ცნობით, დოკუმენტი ასევე მიზნად ისახავს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მუშაობას, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილების პირობების შექმნას.