გამოფენის, „ავტოპორტრეტი სარკესთან“, მონაწილეთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

გამოფენის, „ავტოპორტრეტი სარკესთან“, მონაწილეთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს.

განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ეროვნულ მუზეუმს, მიმართონ საგამოძიებო უწყებას სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„უპირველეს ყოვლისა, ყველა ხელმომწერი ვთანხმდებით და ვაფიქსირებთ ერთობას გამოფენის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.

ვგმობთ აშკარად გაცხადებულ ანტაგონიზმსა და რეპრესიებს თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული ინსტიტუციებისა და ხელოვანების წინააღმდეგ. პროცესის ამ ტიპის სამართლებრივი განვითარება აღქმული იქნება დევნისა და თვითგამოხატვის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად.

სამართლის ყველაზე ფორმალისტური გაგებითაც კი გაუგებარია სანდროს პერფორმანსის ქურდობად ინტერპრეტირება, რადგან ქურდობისთვის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს სხვისი ნივთის ფარულად დაუფლება მისაკუთრების მიზნით. მას არ მიუთვისებია სხვისი ნამუშევარი, მეტიც, საერთოდ არ შეხებია სხვის ნამუშევარს და მის ქმედებას არ მოჰყოლია მნიშვნელოვანი ზიანი. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი უზრუნველყოფს შემოქმედებით თავისუფლებას და კრძალავს შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ჩარევას.

მოვუწოდებთ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ეროვნულ მუზეუმს, მიმართონ საგამოძიებო უწყებას სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით რათა თავიდან აიცილონ ფორმირების პროცესში მყოფი ინსტიტუციური ზიანი.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ქართული კულტურისთვის, კონტექსტისა და მისი დაფუძნების ისტორიის გათვალისწინებით, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, რის გამოც, მიგვაჩნია, რომ სახელოვნებო პროცესის ამ ტიპის სამართლებრივი განხილვა აზიანებს არა მხოლოდ ქართულ შემოქმედებით სივრცესა და თავისუფალ თვითგამოხატვას, არამედ იგი შეურაცხყოფს ამ ინსტიტუციასა და მისი დაფუძნების სულისკვეთებას.

ამ პროცესში არც სანდრო და არც ჩვენ, გამოფენის მონაწილეები, არ ვართ მარტონი. ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“,- ნათქვამია განცხადებაში.

არტისტ სანდრო სულაბერიძის მიერ კედელზე წარწერის გაკეთებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსს 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კერძოდ, გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, რაც კანონში ასეა განმარტებული:

ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს 1-დან 2 წლამდე შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე.

„ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ – ასეთი წარწერა დატოვა მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში, სადაც 4 თებერვალს ჯგუფური გამოფენა გაიხსნა. მხატვარმა წარწერა ავტოპორტრეტის ნაცვლად გააკეთა.

ხელმომწერები:

შოთიკო აფციაური

თორნიკე ნოზაძე

ნატა ჯანბერიძე

ქეთი თოლორაია

ნატალია კალანდაძე

დავით აფაქიძე

ნინო გოდერიძე

ანდრო დადიანი

ქეთი კაპანაძე

ეთერი ჭკადუა

კოტე ჯინჭარაძე

ანა ძიაპშიპა

ტატო ახალკაციშვილი

გიო სუბმბაძე

ლია ბაგრატიონი

თეა გვეტაძე

მანუჩარ ოქროსცვარიძე

ბესო უზნაძე

სოლომონ რაზმაძე

მარიკა ქოჩიაშვილი

გურამ წიბახაშვილი

გოგი ალექსი-მესხიშვილი


ხელმომწერთა სია განახლებადია