გამყრელიძის თქმით, სოფლებს შორის ვაქცინაციის წამახალისებელი მარათონი გაიმართება

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე ერთ-ერთ საკითხად განიხილებოდა ვაქცინაციის წამახალისებელი მარათონის მოწყობა სოფლებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებს შორის.

მისი თქმით, შეირჩა 68 სოფელი და ადმინისტრაციული ცენტრი, რომლებშიც 3000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გამყრელიძის თქმით, შერჩეულ სოფლებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში თბილისიდან ჩაიყვანენ ამცრელ მობილურ ჯგუფებს და გაიმართება იმუნიზაციის მარათონი.

„ჩვენ შევარჩიეთ 68 დიდი დასახლებული პუნქტი, სადაც 3000-ზე მეტი არის მოსახლეობა. ეს არ არის ქალაქები, ეს არის ძირითადად სოფლები. რომ მოგვეცვა ყველა რეგიონი საქართველოში, მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმში 3000 ადამიანით დასახლებული სოფელი არ არის, ამიტომ იქ შევარჩიეთ ადმინისტრაციული ცენტრები, ონი, ამბროლაური, ცაგერი, და .ა.შ. დანარჩენ რეგიონებში ყველგან არის ეს დიდი სოფლები, სადაც 3000-ზე ზემოთ არის მოსახლე. ყალიბდება ახლა ე.წ. ჯგუფები, ვინც იმუშავებს. ყველა ამ სოფელში არის ამბულატორია, სოფლის ექიმი და ასევე დამატებით თბილისიდან იქნება მობილიზებული მობილური ჯგუფები… ვფიქრობთ, 15 ოქტომბერს დაიწყოს სერიოზული მარათონი, შეჯიბრი სოფლებს შორის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა მისი ვარაუდით, 15 ოქტომბრიდან დაიწყება  მარათონი და გაიმართება მარათონის რამდენიმე კვირეული.