განათლების დაბალი დონე, ეკონომიკური მდგომარეობა - დისკრიმინაცია ახალგაზრდების მიმართ | დოკუმენტი

პუბლიკა

დეპუტატების მიხეილ ყაველაშვილისა და ირინე ფრუიძის ავტორობით პარლამენტში შემუშავებულია „საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის 2020-2030 კონცეფცია”.

2019 წელს საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგისა და განვითარების სამუშაო ჯგუფი“, პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, გაანალიზდა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის ხარვეზები და ნაკლოვანებები, ასევე განისაზღვრა ახალგაზრდების საჭიროებები, მათ წინაშე არსებული გამოწვევები და მათი პრიორიტეტები.

საქართველოს პარლამენტის „2020-2030 წლებისთვის სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ პროექტი განსაზღვრავს მომდევნო წლებში სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად ამოცანებს.

როგორც პროექტშია ნათქვამი, კონცეფციის მიზანია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა, ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა,  ახალგაზრდების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა,  ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება და ა.შ.

დოკუმენტის მიხედვით, კონცეფციის შემუშავებას წინ უსწრებდა საქართველოს 12 თვითმმართველ ერთეულში 300-მდე ახალგაზრდასთან (19-29 წლის) ჩატარებული საკონსულტაციო შეხვედრები , ასევე 1,400-მდე მოზარდის (14-18 წლის) ელექტრონული გამოკითხვა.

კონფეციაში ნათქვამია, რომ საკონსულტაციო შეხვედრებზე მონაწილეები განსაკუთრებით ხშირად აღნიშნავდნენ სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს, მათ შორის: სამუშაო ადგილზე დამსაქმებლის მხრიდან (ასაკის, სამუშაო გამოცდილებისა და მუშაობის სტაჟის არარსებობის გამო), სექსუალური ორიენტაციის, ნასამართლეობის, ფიზიკური ან/და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევის, შეზღუდული შესაძლებლობისა და გენდერული ნიშნით.

„საქართველოში ახალგაზრდები დისკრიმინაციას ყველაზე ხშირად განიცდიან განათლების დაბალი დონისა (24%) და ეკონომიკური მდგომარეობის (31%) გამო. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებენ ისინი, ვინც სოციალურად არახელსაყრელ მდგომარეობაშია და რესურსებსა თუ შესაძლებლობებზე, სხვებთან შედარებით, ნაკლები წვდომა აქვს.

საქართველოში გავრცელებულია მოზარდების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ოჯახში, რის შედეგადაც ვითარდება დაბალი თვითშეფასება, თვითიზოლაცია და მოზარდთა დამოუკიდებლობის შეგრძნების დაქვეითება. ასევე, ძალიან მაღალია სკოლებში ახალგაზრდებს შორის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მაჩვენებლები. ფსიქოლოგიური ძალადობა არ აღიქმება ისეთივე მნიშვნელობის მქონედ, როგორც ფიზიკური ძალადობა.

ბოლო წლებში აქტუალური გახდა ონლაინ ძალადობა, კერძოდ, სიძულვილის ენა, ადამიანის დამცირება, ჩაგვრა, შეურაცხყოფა ინტერნეტის საშუალებით – ე.წ. კიბერბულინგი, “- ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის ავტორები ამბობენ, რომ საქართველოში ძალადობისა და დისკრიმინაციის შემცირების მიმართულებით განხორციელებული ქმედებების (საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა, პრევენციის პროგრამების განხორციელება და სხვა) მიუხედავად, მოზარდებისა და ახალგაზრდების მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება და სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვან ყურადღებას მოითხოვს.

დოკუმენტში მოცემული მაჩვენებლების მიხედვით, 2017 წლის მდგომარეობით, 15-29 ასაკობრივ ჯგუფში, განათლების, დასაქმებისა და ტრენინგების მიღმა მყოფი ახალგაზრდების წილი 30%-ს აღწევდა (ქალები 35.9%-ია, მამაკაცები – 24.7%). აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 6,5%-ია.