ტრამპსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისაუბრეს რუსეთ-უკრაინის ომზე და ვითარებაზე სირიასა და ღაზის სექტორში.

საუბრის შემდეგ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თურქეთის პრეზიდენტთან  შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და მასთან პროდუქტიული საუბარი ჰქონდა.

„თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ ერდოღანთან ძალიან კარგი და პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომზე, სირიასთან, ღაზასთან დაკავშირებულ საკითხებზე და სხვა საკითხებზე. პრეზიდენტმა მიმიწვია თურქეთში და, ასევე, ის ასევე ჩამოვა ვაშინგტონში. პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში ჩემი ურთიერთობა ერდოღანთან შესანიშნავი იყო. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ბევრ საკითხზე. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობას რუსეთსა და უკრაინას შორის აბსურდული, მაგრამ სასიკვდილო ომის დასასრულებლად – ახლავე“, – წერს ტრამპი.

თავის მხრივ, ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტი თურქეთში მიიწვია და განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს თანამშრომლობის განმტკიცებას შტატებთან მრავალი მიმართულებით, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა ტრამპთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა, რომ ღაზაში ჰუმანიტარულმა კრიზისმა უკიდურესად მძიმე მასშტაბებს მიაღწია და თურქეთი მზადაა, დახმარების მიწოდებისა და მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის მხარდაჭერა უზრუნველყოს.