ე.წ განათლების დეპარტამენტში გამოვლენილმა დარღვევებმა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ბიუჯეტს $180 000-ზე მეტის ზიანი მიაყენა

პუბლიკა

ავტორი: OC Media

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ გენერალურმა პროკურატურამ 16 სექტემბერს განაცხადა, რომ განათლების დეპარტამენტის მიერ 2022 წლიდან 2026 წლის შუა პერიოდამდე 15 მილიონ რუბლზე მეტი, დაახლოებით 180 000 დოლარი, არამიზნობრივად იქნა გამოყენებული.

აუდიტის შედეგად ასევე დადგინდა, რომ დეპარტამენტი რეგულარულად აფორმებდა ხელშეკრულებებს იმ პირებთან, რომლებიც განათლების დეპარტამენტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში მუშაობდნენ, რაც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ კანონმდებლობით ინტერესთა კონფლიქტია.

გამოძიების ფარგლებში ასევე გამოვლინდა, რომ დეპარტამენტს არ ჰქონდა შექმნილი ქონების მიღებისა და ჩამოწერის კომისია. გარდა ამისა, დაფიქსირდა „ფინანსური დარღვევები საგადასახადო და საბიუჯეტო კანონმდებლობის სფეროში“, რომელთა საერთო ოდენობამ 180 000 აშშ დოლარს გადააჭარბა.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თანხის უმეტესი ნაწილი უკვე ანაზღაურებულია, თუმცა აღნიშნულმა ფაქტმა აფხაზურ სოციალურ ქსელებში უკმაყოფილება გამოიწვია.

აუდიტის დასრულების შემდეგ დარღვევების გამოსწორების შესახებ წინადადება სოხუმის ადმინისტრაციას წარედგინა. ამ დროისთვის დეპარტამენტმა უკვე დააბრუნა 12 მილიონი რუბლი, დაახლოებით 150 000 დოლარი. დარჩენილი თანხის ამოღების პროცესი გრძელდება. Telegram-არხ „აპსნი იახას“ ინფორმაციით, ე.წ განათლების დეპარტამენტი თანხის ეტაპობრივად დაბრუნების გეგმას ამზადებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორუფციულ სამართალდარღვევებს ისტორიულად შედარებით ლოიალურად ეპყრობიან. 2020-2024 წლებში არც ერთი ასეთი დარღვევაზე სისხლის სამართლის საქმე არ დაწყებულა. შესაბამისად, სოციალური ქსელების აფხაზი მომხმარებლები სკეპტიკურად აფასებენ თანხის სრულად დაბრუნების პერსპექტივას და უკმაყოფილებას გამოთქვამენ სასჯელის სიმსუბუქის გამო. ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: „რატომ უნდა გაათავისუფლონ? ამის გამო ისინი ციხეში უნდა ჩასვან!“

Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა იკითხა: „ნუთუ ძალიან ბევრს ვითხოვთ გენერალური პროკურატურისგან, რომ კორუმპირებული თანამდებობის პირი თანამდებობიდან გაათავისუფლოს?

სხვამ კი თქვა: „ყველამ კანონის შესაბამისად უნდა აგოს პასუხი, მაგრამ, სამწუხაროდ, აქ კანონი ყველასთვის არ მუშაობს – მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. თანამდებობის პირებიდან ვინმეს პასუხისმგებლობა დაეკისრა? არა! ყველაფერი მოგვარდება, ყველა შეძლებს შემოსვლას, მაგრამ გასვლას – ვეღარავინ“.

კიდევ ერთმა მომხმარებელმა საქმეში გამჭვირვალობის ნაკლებობა გააკრიტიკა: „15 მილიონი მოიპარეს და ამ „გმირების“ სახეების ჩვენებაც კი არ უნდათ? რატომ უნდა დავიჯეროთ ეს ინფორმაცია? იქნებ საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს? ვინ არიან ეს ადამიანები და სად მუშაობენ?“

კორუფციის საკითხი ოკუპირებულ აფხაზეთში ისტორიულად მწვავე დაპირისპირების საგანია. 2020 წელს, 10-დღიანი შიმშილობის აქციების შემდეგ, საბოლოოდ მიიღეს კანონი, რომელიც საჯარო მოხელეებს ავალდებულებს, დეკლარაციაში მიუთითონ როგორც საკუთარი, ისე ოჯახის წევრების ინტერესები.

შესწორებული კანონით, საჯარო მოხელეები თანამდებობას დაკარგავენ და საჯარო სექტორში დასაქმება აეკრძალებათ, თუ ისინი კანონით მოთხოვნილ ინფორმაციას სრულად არ გაამჟღავნებენ ან ცრუ ინფორმაციას მიაწვდიან.

კენჭისყრამდე რამდენიმე დეპუტატმა კანონპროექტი გააკრიტიკა. დეპუტატმა გივი კვარჩიამ საპროტესტო აქციებს „ძალაუფლებაზე ზეწოლის მიზნით ნარინჯისფერი [რევოლუციის] მეთოდების გამოყენებაც“ კი უწოდა. 2004 წლის უკრაინის „ნარინჯისფერი რევოლუციას“ რუსეთში დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოების მიერ დაფინანსებული მოძრაობად წარმოადგენენ.

ტექსტის აღქმის გასამარტივებლად აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღისა და სამხრეთ ოსეთის ინსტიტუტებისა და პოლიტიკური პოზიციების აღწერისას OC Media არ იყენებს ისეთ განმარტებებს, როგორიცაა „დე ფაქტო“, „არაღიარებული“ ან „ნაწილობრივ აღიარებული“. ეს არ გულისხმობს პოზიციის გამოხატვას მათი სტატუსის შესახებ.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.