ხანძარმა ოკუპირებულ აფხაზეთში „გალი TV-ის“ სტუდია და ტექნიკის დიდი ნაწილი გაანადგურა

პუბლიკა

ავტორი: ლანა კოკაია

ხანძარმა ოკუპირებული გალის ადგილობრივი ტელევიზია „გალ-მედიის“ სტუდიისა და ტექნიკის დიდი ნაწილი გაანადგურა. მომხდარის მიზეზს შესაბამისი უწყებები იძიებენ, ე.წ ოფიციალური პირების განცხადებით კი მაუწყებლობის აღსადგენად მუშაობა უკვე დაწყებულია.

გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინ პილიამ საოკუპაციო რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო „აპსნიპრესს“ განუცხადა, რომ ხანძარი 17 აგვისტოს დილით გაჩნდა, 30 წუთი მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი გადაღებიდან სტუდიაში დაბრუნდა.

ხანძრის შედეგად სტუდიის სათვალთვალო კამერა განადგურდა, თუმცა სერვერმა მუშაობა შეინარჩუნა, რაც გამომძიებლებს საშუალებას აძლევს, დაადგინონ, კონკრეტულად საიდან დაიწყო ცეცხლი.

„ხანძარი ჭერთან, სპეციალური ხმის საიზოლაციო ქაფის საფართან გაჩნდა, რომელიც რემონტამდე იყო დამონტაჟებული. დიდი ალბათობით, მიზეზი ძველი სადენები გახდა, რომელიც წინა შენობიდან იყო დარჩენილი“, – თქვა პილიამ.

მისი თქმით, სტუდიის რემონტი 2016 წელს ჩატარდა, თუმცა ძველი ელექტროსადენები არ გამოუცვლიათ.

ხანძარმა სრულად გაანადგურა სამონტაჟო ოთახი, ხოლო კვამლმა სტუდიის სხვა ოთახებიც დააზიანა. განადგურდა სერვერული ოთახი, დრონები და ძვირადღირებული ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იძიებს. შემოწმების შედეგების გამოქვეყნება უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. სპეციალისტები ასევე აფასებენ მიყენებულ ზარალს, სარემონტო სამუშაოებისა და ახალი ტექნიკის შეძენის ღირებულებას.

პილიას განცხადებით, გალის რაიონისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელისუფლებები უკვე მუშაობენ ტელევიზიის საქმიანობის აღსადგენად. მისივე თქმით, აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ე.წ ადგილობრივ ხელისუფლებას დაუკავშირდნენ და დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

„გალ-მედიის“ დირექტორმა თეა არშბამ რუსეთის სახელმწიფო მედია „სპუტნიკ აფხაზეთს“ განუცხადა, რომ ხანძარი მოულოდნელად გაჩნდა და სტუდიის ელექტროსისტემებზე მაღალი დატვირთვა არ ყოფილა.

„საგანგებო სიტუაციების სამსახური ძალიან სწრაფად მოვიდა, თუმცა ცეცხლი ძალიან სწრაფად გავრცელდა და ბევრი რამ განადგურდა“, – თქვა არშბამ. მისივე თქმით, საკმარისი ტექნიკა გადარჩა იმისთვის, რომ მაუწყებლობა სოციალური ქსელების საშუალებით გაგრძელდეს. რაც შეეხება სრულფასოვან ანალოგურ მაუწყებლობას, ის დროებით შეჩერდება.

„გალ-მედია“, რომელსაც ადგილობრივად „გალ TV-ის“ სახელით იცნობენ, 2015 წელს გალის მაშინდელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას გადაწყვეტილებით დაარსდა.

ტელევიზია დაფინანსებას კვლავ ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებს და ძირითადად ადგილობრივ ამბებს აშუქებს, მათ შორის რაიონის ადმინისტრაციისა და სოფლის ხელისუფლებების საქმიანობას, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის გაწეულ დახმარებას.

ტელევიზიის სიუჟეტებში ძირითადად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი საქმიანობაა წარმოდგენილი. გალის რაიონში ადამიანის უფლებების შეზღუდვებთან დაკავშირებულ საკითხებს ტელეკომპანია, როგორც წესი, საინფორმაციო პროგრამებში არ აშუქებს.

კითხვის გამარტივების მიზნით OC Media არ იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „დე-ფაქტო“, „არაღიარებული“ ან „ნაწილობრივ აღიარებული“, როდესაც წერენ აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღისა და სამხრეთ ოსეთის ინსტიტუტებზე ან პოლიტიკურ პოზიციებზე. ეს არ გულისხმობს პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.