კობახიძე: აფხაზეთში 680 ტონა საწვავია შეტანილი, იგეგმება დამატებითი საწვავის ტრანსპორტირება

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან უკვე 680 ტონა საწვავია შეტანილი. მისი თქმით, ეს მოცულობა საკმარისია იმისთვის, რომ რეგიონში საწვავის დეფიციტით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი გადაიჭრას.

კობახიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში აფხაზეთის მიმართულებით დამატებითი საწვავის ტრანსპორტირებაც იგეგმება, რაც, მისი შეფასებით, რეგიონში არსებულ პრობლემას საბოლოოდ აღმოფხვრის.

„გუშინდელი მდგომარეობით დაახლოებით 680 ტონა საწვავია შეტანილი და ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ ჰუმანიტარული კრიზისი გადაიჭრას აფხაზეთში. მომდევნო დღეებში დაგეგმილია დამატებითი საწვავის ტრანსპორტირება აფხაზეთის რეგიონში, რითიც პრობლემა აღმოიფხვრება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს, 18 აგვისტოს.

მისივე თქმით, აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა რუსეთისთვის ცოტაა, შესაბამისად – არარელევანტური.

მან ასევე უარყო მოსაზრება, რომ აფხაზეთში შეტანილი საწვავი რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის მომარაგებას მოხმარდა. კობახიძის შეფასებით, ამაზე საუბარი „აბსოლუტურად არასერიოზულია, ვინაიდან „სამხედრო ბაზები მუდმივი, სტატიკური ობიექტებია და მათ საკუთარი საწვავის მარაგები აქვთ“.

„საუბარი იყო ბაზების მომარაგებაზე – ჰგონიათ, რომ ბაზები ბორბლებზე დგას და აქეთ-იქით მოძრაობს. სრული აბსურდია ლაპარაკი იმაზე, რომ სამხედრო ბაზა იყო მომარაგებული ამ საწვავით. ნებისმიერ ბაზას საწვავის თავისი მარაგი აქვს და ეს საწვავი მოიხმარება იშვიათად, იმიტომ, რომ ბაზა არ არის მოძრავი ობიექტი, ბაზა არის სტატიკური ობიექტი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე ასევე ამბობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან მიმართეს. მისი თქმით, აფხაზეთში საწვავის დეფიციტი შეიქმნა, რაც პრობლემაა და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო „მხარდამჭერი გადაწყვეტილება“.

„ინიციატივა მოდიოდა არა ბიზნესიდან, არამედ ოკუპირებული ტერიტორიებიდან. არ ვიცი, კონკრეტულად ვისთან ჰქონდათ საუბარი, მაგრამ შეიქმნა საწვავის დეფიციტი. ეს იყო პრობლემა. თხოვნა იყო საწვავის დეფიციტის შევსებასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც მოგვმართა ბიზნესმა და ჩვენ მივიღეთ მხარდამჭერი გადაწყვეტილება.

სავარაუდოდ, იქიდანაც იყო ბიზნესი, რომელსაც ჰქონდა საწვავის დეფიციტი. შეიძლება, მათ მიმართეს, შეიძლება, სხვამ მიმართა. მაგრამ ჩვენთვის მთავარი იყო, რომ იყო საწვავის დეფიციტი, გაკეთდა იქიდან მიმართვა, შემდეგ ბიზნესმა შეგვითანხმა ეს საკითხი და ასე დალაგდა ეს ყველაფერი“, – თქვა კობახიძემ.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა საქართველოს ხელისუფლება ჩართული იმაში, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს თავისუფლად შეეშვა საწვავით დატვირთული მანქანები საქართველოდან, კობახიძემ უპასუხა, რომ „არა, ბიზნესი იყო ჩართული“.

მისივე მტკიცებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის საწვავის მიწოდების მიზანი ფინანსური სარგებლის მიღება არ ყოფილა – მთავარი მოტივი ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნდობის აღდგენის მცდელობა იყო.

„ეს ჩვენთვის თავიდან ბოლომდე არის ნდობის აღდგენის საკითხი. ჩვენი მიზანი არ იყო ფულის შოვნა. შეიძლება, ბიზნესისთვის მიზანი არის ფულის შოვნა, ჩვენთვის მიზანი არის ნდობის აღდგენა. ერთადერთი, რის გამოც მივიღეთ მხარდამჭერი გადაწყვეტილება, იყო ეს ხედვა“, – განაცხადა მან.

კობახიძე ასევე ირწმუნება, რომ საწვავის შეტანის პროცესი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ ჩარჩოში განხორციელდა.

„ყველაფერი გაკეთდა ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

რამ გამოიწვია საწვავის დეფიციტი

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტის შესახებ ბოლო პერიოდში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ოკუპირებულ რეგიონში ბენზინგასამართ სადგურებთან ავტომობილების გრძელი რიგები ჩანდა. არსებული ინფორმაციით, ბენზინისა და დიზელის დეფიციტი, მათ შორის, უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობის საცავებზე განხორციელებულ დარტყმებს უკავშირდება.

ნავთობკომპანია „სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ განაცხადა, კომპანია საწვავის რეალიზაციას გააგრძელებს მანამ, სანამ რეგიონში არსებული კრიზისი არ დასრულდება და პროდუქტზე მოთხოვნა იქნება. მისი განცხადებით, საწვავის შესყიდვაზე ანგარიშსწორება ლარში ხდება.

„გუშინ დამატებით კიდევ 100 ტონა გავიტანეთ, დღეს ჯამში 400 ტონა გვაქვს უკვე გატანილი“, – განაცხადა არველაძემ BM.GE-სთან 16 აგვისტოს.

მისი თქმით, აფხაზეთის საწვავის ბაზარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული ბაზრისგან განსხვავდება. არველაძის თქმით, რეგიონში ბევრი მცირე, კერძო ბენზინგასამართი სადგურია, რომლებიც საწვავის დეფიციტის გამო პროდუქტის გარეშე დარჩნენ.

მისივე განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ერთადერთი შედარებით ორგანიზებული ქსელი რუსული „როსნეფტის“ სადგურებია, თუმცა რუსეთიდან საწვავის მიწოდება შეზღუდული იყო.

„იქ ცოტა სხვა რეალობაა. ასეთი დალაგებული ორგანიზებული ბაზარი არ არის ჯერ, როგორც აქაა. კერძო მესაკუთრეების ბენზინგასამართი სადგურებია, როგორც ეს საქართველოში 20 წლის იყო. ერთ ოჯახს სამი ბენზინგასამართი აქვს, ოთხი – მეორეს, ხუთი – მესამეს და ასე“, – თქვა არველაძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებით პრობლემური მდგომარეობა გალისა და ოჩამჩირის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის შეიქმნა, რადგან იქ მცირე ზომის ბენზინგასამართი სადგურები საწვავის გარეშე დარჩნენ.

„დანარჩენი არის სულ პატარ-პატარა ბენზინგასამართი სადგურები, რითეილერები, რომლებიც დარჩნენ საერთოდ უნავთობოდ იმიტომ, რომ რუსეთი „როსნეფტს“ ცოტ-ცოტას აწვდის, ბევრს ვერა, რადგან ლიმიტირებული იყო. გალის და ოჩამჩირის რაიონში მცხოვრები მოსახლეობა ისე დარჩა, რადგან პატარა ბენზინგასამართი სადგურები აქვთ“, – თქვა მან.

არველაძის განცხადებით, საწვავის შეძენა საქართველოში კომპანია „რეფსოლისგან“ მოხდა, რომელიც „ქონექთის“ ბრენდის ქვეშ ოპერირებს. მისი თქმით, დამატებითი მოცულობების გატანის შესახებ კომპანიას საქართველოს მთავრობისთვის შეტყობინების ვალდებულება არ აქვს.

კომპანია „რესპოლმა“, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ ბრენდის ბენზინგასამართი სადგურებით ოპერირებს, თავის მხრივ განაცხადა, რომ მათთან არ თანხმდება, თუ სად გაყიდის „სოლიდუსი“ შეძენილი ნავთობპროდუქტებს.

ამასთან, „რესპოლი“ აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, „სოლიდუსს“ მიღებული აქვს სპეციალური თანხმობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად.

კომპანია ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო რეგულაციებს სრულად იცავს.