„რესპოლი“: „სად განახორციელებს „სოლიდუსი" ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება“

პუბლიკა

ქონექთი – Connect კომპანია „რესპოლის“ განცხადებას ავრცელებს.

კომპანია ადასტურებს, რომ „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი მათგან შეიძინა, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ის, თუ სად განახორციელებს შპს „სოლიდუსი“ ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას მათთან არ თანხმდება”.

დამატებით კომპანია აცხადებს, რომ „აღნიშნული მიწოდება იყო სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში და დამატებით მიწოდებას შპს სოლოდუსზე აღარ ვგეგმავთ.“ შპს „რესპოლი“ ქართულ ბაზარზე ქონექთის ბრენდის სადგურებით ოპერირებს.

„ბოლო დროს არსებული ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, კომპანია ახერხებს საქართველოს მოსახლეობისთვის შეინარჩუნოს სტაბილური მიწოდების ჯაჭვი და მოსახლეობას შესთავაზოს ევროპული საწვავი საუკეთესო ფასად, კომპანიის მფლობელობაში არსებული ბენზინგასამართი სადგურების ქსელის, „CONNECT“-ის მეშვეობით.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საბითუმო/კორპორატიული გაყიდვების ფარგლებში, კომპანია ახორციელებს 3000-ზე მეტი ქართული კომპანიისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდებას, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით.

მიმდინარე წელს, კომპანიისგან ბენზინის ტიპის საწვავი შეიძინა შპს „სოლიდუსმა“, რომელმაც გადაიხადა პროდუქციის ღირებულება და ეტაპობრივად ახორციელებს მის გატანას. ის, თუ სად განახორციელებს შპს „სოლიდუსი“ ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება და სცდება ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებს. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შპს „სოლიდუსს“ მიღებული აქვს სპეციალური თანხმობა, რათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა.

გვსურს მკაფიოდ განვმარტოთ, რომ შპს „რეპსოლი“ სრულად იცავს საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო რეგულაციებს. შესაბამისად, მედიასაშუალებებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია „სოლიდუსის“ მფლობელის, გიორგი არველაძის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში  უკვე 400 ტონა საწვავი შეიტანეს.

როგორც არველაძემ BM.GE-ს უთხრა, ოკუპირებულ რეგიონში საწვავის გაყიდვას გააგრძელებენ, სანამ კრიზისი არ დასრულდება და თან მყიდველი იქნება. საწვავით ვაჭრობის ანგარიშსწორება კი ლარში ხდება.

„გუშინ დამატებით კიდევ 100 ტონა გავიტანეთ, დღეს ჯამში 400 ტონა გვაქვს უკვე გატანილი.. იქ ცოტა სხვა რეალობაა. ასეთი დალაგებული ორგანიზებული ბაზარი არ არის ჯერ, როგორც აქაა… კერძო მესაკუთრეების ბენზინგასამართი სადგურებია, როგორც ეს საქართველოში 20 წლის იყო. ერთ ოჯახს სამი ბენზინგასამართი აქვს, ოთხი – მეორეს, ხუთი – მესამეს და ასე. სანქცირებული ზონაა და ახლა მანდ ერთადერთი ორგანიზებული ქსელი რუსული „როსნეფტის“ არის.

დანარჩენი არის სულ პატარ-პატარა ბენზინგასამართი სადგურები, რითეილერები, რომლებიც დარჩნენ საერთოდ უნავთობოდ იმიტომ, რომ რუსეთი „როსნეფტს“ ცოტ-ცოტას აწვდის, ბევრს ვერა, რადგან ლიმიტირებული იყო. გალის და ოჩამჩირის რაიონში მცხოვრები მოსახლეობა ისე დარჩა, რადგან პატარა ბენზინგასამართი სადგურები აქვთ. ანგარიშსწორება ლარში მოხდა. ისინი გადმოდიან ფულს ახურდავებენ და ლარში მოაქვთ“, – განაცხადა გიორგი არველაძემ BM.GE-სთან საუბარში.

მისი თქმით, საქართველოში საწვავი კომპანია „რეფსოლისგან“ შეიძინა, რომელიც „ქონექთის“ სახელით ოპერირებს, ხოლო დამატებითი მოცულობების გატანის შესახებ კომპანიას მთავრობისთვის შეტყობინების ვალდებულება არ აქვს.

12 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა, თუმცა მისივე თქმით, საწვავი ბიზნესმა შეიტანა და ეს მოხდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ჩარჩოს ფარგლებში.

„სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მისმა კომპანიამ შეიტანა. თავდაპირველი ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში 300 ტონა საწვავი შეიტანეს. არველაძის თქმით, მის კომპანიას წლებია მინიჭებული აქვს „სპეციალური საწარმოს სტატუსი“: ბოლო დროს ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინგასამართ სადგურებთან ავტომობილების გრძელი რიგების ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა. ბენზინისა და დიზელის დეფიციტი უკრაინის მიერ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და საცავების განადგურებას უკავშირდება.