„გაშენდება ახალი დიდი უბანი“ - თურნავამ ბათუმში „ამბასადორ აილენდის“ პროექტის პრეზენტაცია გამართა

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში „ამბასადორ აილენდის“ პროექტის პრეზენტაცია გამართეს.

ნათია თურნავას განცხადებით, „ამბასადორ აილენდის“ მეშვეობით შავიზღვისპირეთში 90 ჰა ხელოვნური კუნძულებისა და ნახევარკუნძულების შექმნაა დაგეგმილი. მისი თქმით, ეს იქნება ახალი დიდი უბანი. მისივე განცხადებით, „ამბასადორ აილენდი“ 100 მლნ დოლარის ინვესტიციას დებს პროექტში.

„გაშენდება, შეიძლება ითქვას, ახალი ქალაქი, ახალი დიდი უბანი. დაახლოებით, ჯამურად 500 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსები, სავაჭრო კომპლექსები, გასართობი ინდუსტრია; ძალიან ბევრი საინტერესო ობიექტი, რომელიც მოიზიდავს არაერთ ტურისტს, არაერთ სტუმარს ჩვენს სტუმართმოყვარე ბათუმში.

ეს არის გრანდიოზული პროექტი, 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რომელიც აქ ეტაპობრივად განხორციელდება. ასევე, მინიმუმ 2000 ადამიანის დასაქმება, რაც, ალბათ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ბათუმისთვის.

ეს უდიდესი ინვესტიცია, რომელიც არის საკმაოდ საინტერესო თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით, საკმაოდ რთულად განსახორციელებელია, მოითხოვს რა თქმა უნდა, საკმაოდ დეტალურ, სკრუპულოზურ კვლევას, რაზედაც ინვესტორი იღებს მთელ პასუხისმგებლობას და უახლოესი თვეების განმავლობაში განახორციელებს ყველა აუცილებელ კვლევას, რომელიც უფრო მეტად დაადასტურებს ამ პროექტის მიმზიდველობას“, – განაცხადა მან.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიას აღნაგობის უფლებით  გადაეცა 90 ჰა ტერიტორია ქალაქ ბათუმში, „ბარცხანასა“ და „თამარის“ დასახლებაში.

ბათუმში კუნძულის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გაახმოვანა.