საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად პარლამენტმა გია მურღულია და დავით ქართველიშვილი აირჩია. სამეურვეო საბჭოს იმ სამ წევრს შორის, გია მურღულია ერთ-ერთი იყო ვისაც უფლებამოსილების ვადა ეწურებოდა. საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით ის უკვე მეორედ აირჩიეს საბჭოში.
პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი საბჭოს წევრობის კანდიდატად ამავე პარტიამ წარადგინა, ხოლო გია მურღულია – ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“.
კენჭისყრის შედეგად, დავით ქართველიშვილს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, გია მურღულიას კი – 82-მა. ოთხი დეპუტატი წინააღმდეგი იყო.
ახალარჩეული წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში უფლებამოსილების განხორციელებას 2 ივლისიდან დაიწყებენ.
ამასთან, ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილ კანდიდატებს – თეა გეგენავას, ელისო გაბადაძესა და თეიმურაზ კეკელიძეს – პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.
კენჭისყრაში მონაწილეობას კანდიდატები 3 კვოტით იღებდნენ, აქედან ერთი უმრავლესობის კვოტითაა წარმოდგენილი, ხოლო 2 ოპოზიციური კვოტით. იმის გამო, რომ ოპოზიციის კვოტით წარდგენილ კანდიდატებს საკმარისი მხარდაჭერა არ აღმოაჩნდათ, საბჭოს შემადგენლობა ამ ეტაპზე სრულად ვერ დაკომპლექტდა და ერთი ადგილი კვლავ ვაკანტური დარჩა.
კანდიდატების შერჩევა ისევ ძველი რედაქციით მიმდინარეობდა. თავდაპირველად საბჭოს წევრობის სურვილი 10-მა კანდიდატმა გამოთქვა, საიდანაც მოგვიანებით, ერთმა დოდო შონავამ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. საკონკურსო კომისიამ განიხილა კანდიდატები და შერჩეული პირები პარლამენტს კენჭისყრისთვის წარუდგინა.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილი განცხადებით, რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის პროცედურა შეიცვალა. თუ აქამდე კანდიდატის შერჩევა ღია კონკურსის გზით ხდებოდა, 1 ივლისიდან ოპოზიციას კანდიდატის დასახელება უშუალოდ პლენარულ სხდომაზე შეეძლება, რის შემდეგაც პარლამენტი მის კანდიდატურას კენჭს უყრის.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭო 11 წევრისგან შედგება. კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები, სამს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციები და სამს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ასარჩევად წარუდგენს პარლამენტს.