გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია, ყოველგვარი მაგრამის გარეშე - თინა ხიდაშელი

პუბლიკა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ გიგი უგულავა ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური პატიმარია.

მისი თქმით, პირველი – პოლიტპატიმარი არ ნიშნავს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც არასოდეს არავითარი დანაშაული ჩაუდენიათ და ისე მოკიდეს ხელი და ჩაყარეს ციხეებში.

„მეორე – თქვენთვის ცნობილი პოლიტპატიმრების უდიდეს უმრავლესობას რაღაც კანონი აუცილებლად ჰქონდა დარღვეული მაშინ, როცა იჭერდნენ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა მაინც. მესამე, პოლიტპატიმარი ხარ თუ არა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმით არ იზომება. ის იზომება იმით:
ვინ გასაგმართლებს? რამდენად არსებობს ნდობა სასამართლოს, ან კონკრეტულად იმ მოსამართლეების მიმართ ვინც გაგასამართლა?
როდის გასამართლებენ?
რა გარემოებებში ხდება გასამართლება?
პირის კავშირი პოლიტიკასთან.

სრულიად ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ უგულავას ჩემზე დიდი კრიტიკოსი არ ჰყოლია, როდესაც ის მერი იყო და მე საკრებულოს წევრი და ზუსტად იმ ყველაფერზე ვწერდი, ვკიოდი, ვაპროტესტებდი, რაზეც დღეს ედავებიან. მაგრამ დღეს ის პოლიტპატიმარია და იმის მიუხედავად, დღეს თავს გამარჯვებულად თვლით თუ არა, ფასი იქნება მაღალი  რასაც თქვენ და ქვეყანა გადაიხდის ამ სისულელეში, ” – წერს თინა ხიდაშელი.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გუშინ დააკავეს. უზენაესმა სასამართლომ უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სახელმწიფო გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. გიგი უგულავას საქმეს მოსამართლეები შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ.