„გვაქვს დაზიანებები“ - ჟონეთში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

პუბლიკა

დღეს, 14 ნოემბერს აქტივისტებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომლებიც ნამახვანის ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, სოფელ ჟონეთში მორიგი აქცია გამართეს და ცენტრალური გზა გადაკეტეს.

როგორც ადგილობრივი აქტივისტი „პუბლიკასთან“ ჰყვება, პოლიცია ცდილობდა, რომ აქტივისტები გზიდან გადაეყვანა, რა დროსაც მოხდა დაპირისპირება.

„აქ უკვე 21 დღეა რაც ვართ და არავინ კონტაქტზე არ გამოსულან. არ გვეუბნება ჰესის მშენებარე კომპანია, როდის გადის ხეობიდან. დღეს გადავკეტეთ ცენტრალური გზა. მოვიდა პოლიცია და გვითხრა, რომ გზა გაგვეხსნა. ამაზე უარი ვუთხარით და შემდგომ შეგვდგნენ პირდაპირ და დაგვარბიეს“, – მომხდარს ადგილობრივი აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი იხსენებს.

გოლეთიანის თქმით, ამ დროს აქციის მონაწილეები ჯაჭვებით იყვნენ გადაბმული ერთმანეთზე. როგორც ვარლამი გვიყვება, პოლიციელები უხეშად ცდილობდნენ ხალხის გზიდან გადაყვანას და იმის გამო, რომ აქტივისტები ერთმანეთზე ფიზიკურად იყვნენ მიბმულები, წაიქცნენ და დაშავდნენ.

„შემდგომ გვაცალკევებდნენ ერთმანეთისგან, რა დროსაც ხელები გვეტკინა და დაზიანებები მივიღეთ. ასფალტზე ვეყარეთ. დიდი ზედახორა და წივილ-კივილი იყო. ყველამ მივიღეთ დაზიანებები. მეც ხელი მაქვს გადატყავებული“, – ამბობს ნამოხვანელი აქტივისტი.


მომხდართან დაკავშირებით „პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.


ადგილობრივი აქტივისტები, რომლებიც ნამახვანის ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ სამი კვირაა მშენებლობის ადგილზე მორიგეობენ. ისინი ღამეს კარვებში ათევენ. მათი მოთხოვნაა, მშენებელი კომპანია ტერიტორიიდან გავიდეს და სამშენებლო ტექნიკა გაიყვანოს.

ამავე თემაზე:

► რატომ არაა რაჭაში მართებული ჰესების აშენება – WWF-ის 4 არგუმენტი;

► ნამახვან ჰესის კასკადი და შეშფოთების მიზეზები – გახარიას ღია წერილით მიმართავენ;

► ნამახვანის ჰესების პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ.



LB loan image desktop LB loan image mobile