ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც 2022 წლიდან მოქმედებდა, დაფინანსების შეწყვეტის გამო შეჩერდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გავრცელებულ პრესრელიზში წერს, რომ მათ ამ წლის დასაწყისში კვლავ გამოთქვეს პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ამისთვის ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსებაც გამოიყო. თუმცა სამინისტრომ ჰარვარდს სთხოვა წარმოედგინა „შესრულებული სამუშაოების ანგარიში და პროგრამის შემდგომი განვითარების კონკრეტული ხედვა”, რაზეც ვერ შეთანხმდნენ.
„პროგრამის ახალი ეტაპის დასაწყებად სამინისტროსთვის არ ყოფილა წარმოდგენილი შეთანხმებული პროგრამა, რომელიც განსაზღვრავდა კონკრეტულ აქტივობებს, ბიუჯეტს, განხორციელების ვადებსა და გაზომვად შედეგებს. შესაბამისად, ახალი ეტაპის დამტკიცების საფუძველი არ არსებობდა” – წერს პრესრელიზში სამინისტრო.
ისტორიკოსი ბექა კობახიძე დაფინანსების შეწყვეტას პოლიტიკური ნიშნით ხსნის და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას” არასწორად ეგონა, რომ ჰარვარდში „პროპაგანდის ინსტრუმენტს” ქმნიდა. კობახიძე თავის პოსტში იხსენებს ეპიზოდს, როდესაც, მისი თქმით, პროგრამის ფუნქციონირების პერიოდში, 2023 წელს, „რუსული კანონის პირველი ინიცირებისა და დარბევებისას, მაშინდელ პრემიერ ღარიბაშვილს ჰარვარდში ჩასვლა და ლექციის წაკითხვა მოუნდა”, თუმცა, მისივე თქმით, მას ცივი უარი უთხრეს.
„2026 წელს ოფიციალური წერილი მიწერეს ჰარვარდს, რომ წყვეტენ დაფინანსებას. მიზეზად მათ შორის ეწერა ის, რომ პროგრამის დირექტორი ტენდენციური კაციაო, ესე იგი ჩვენი პროპაგანდისტი არ არისო …პროგრამა, ფაქტობრივად, დაიხურა. დახურვის მხოლოდ ბიუროკრატიული ნაწილიღა დარჩა გასაფორმებელი” – წერს ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში.
სტივენ ჯონსი, რომელზეც ისტორიკოსი საუბრობს ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი პროფესორია, რომელიც პროგრამას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. კობახიძის თქმით, ამჟამად ის აღარ არის დირექტორი და „პროგრამას ახლა „პოლიტიკურად უსაფრთხო” დირექტორი ყავს.
განათლების სამინისტრო ამბობს, რომ მათი გადაწყვეტილება ჰარვარდთან აკადემიურ თანამშრომლობაზე უარის თქმას არ ნიშნავს. სამინისტრო მზადაა ჰარვარდთან მომავალი თანამშრომლობა განიხილოს „მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების, შეთანხმებული ბიუჯეტის, განხორციელების ვადებისა და გაზომვადი შედეგების საფუძველზე”.
2021 წელს, სტივენ ჯონსის თაოსნობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2.3 მილიონი დოლარის დაფინანსებით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოოგიის პროგრამა შეიქმნა. პროგრამის სასწავლო და კვლევითი საქმიანობა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა.
პროგრამის შექმნის ინიციატივა ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნოდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო მაშინ წერდა, რომ პროგრამა ხელს შეუწყობდა სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერები და ცოდნის გამავრცელებლები გახდებოდნენ.