დავითაშვილმა „ნამახვანჰესის“ პროექტის აღდგენასა და „ხუდონჰესის“ პროექტზე ისაუბრა

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში მინისტრის საატის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ იგეგმება 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელება. ამ პროექტებში ინვესტიციის მოცულობა ჯამურად 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

ლევან დავითაშვილმა ასევე თქვა, რომ „ნამახვანჰესის პროექტიც აღდგება“.

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ. მიმდინარეობს მიწების გადმოცემის საკითხი. არის ინვესტორების დაინტერესება, ასე რომ „ნამახვანის” პროექტიც აღდგება“, – განაცხადა მან.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მთავრობა მუშაობს დიდი სიმძლავრის ოთხი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარებაზე. მათ შორისაა „ხუდონჰესის“ პროექტიც.

„ამ პროექტს ჩვენ განვახორციელებთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ბუნებაზე მინიმალური ზემოქმედებით, რომელიც არის სვანეთის რეგიონში. ჩვენ ენერგეტიკული კითხვით გვექნება უფრო მაღალი შედეგები. უფრო კარგი პროექტის განხორციელების იმედი გვაქვს. კვლევები მალე დასრულდება. ჩვენ გვყავს პოტენციური ინვესტორები, რომლებიც კვლევების შედეგებს ელოდებიან. ეს იქნება წამყვანი და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის კომპანიები, უახლოეს ხანებში საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით.

კომპანია „შტუკი“ არის საერთაშორისო, შვეიცარიული კომპანია, გლობალური გამოცდილების. ისინი ახორციელებენ პროექტის შესწავლას. ჩვენ ველოდებით შედეგებს. ეს იქნება ახალი პროექტი, რომელიც ნაკლებ ზემოქმედებას მოახდენს გარემოზე და მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, 2023 წლის 9 თვეში საქართველოში ენერგოგენერაციის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ რეკორდულ მაჩვენებელს და ისტორიულ მაქსიმუმს – 11.1 მლრდ. კვტ/სთ-ს მიაღწია.

დავითაშვილმა აღნიშნა, რომ რეკორდულია ელექტროენერგიის ექსპორტის მაჩვენებელიც – 1.5 მლრდ კვტ/სთ.

ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება ქვეყნის ენერგოსტაბილურობისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, აგრეთვე გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 მგვტ დადგმული სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მაღალეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობასა და ამ მიზნით კერძო ინვესტორის გამოვლენის პროცესზე.

„გაზიფიცირება არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ არაერთი წელია და მნიშვნელოვანია რეგიონების ეკონომიკურ-სოციალური განვითარების თვალსაზრისით. რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები – მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 37 დასახლებულ პუნქტში – ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 7800-ზე მეტ ოჯახს მიეცა.

გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდგომ ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 93 პროცენტისთვის,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, შემუშავდა საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დანართი – ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა“, – აღნიშნულია სამნისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.