იმიტირებული ბუნტის შესახებ გენერალური ინსპექცია გვარამიასთან გასაუბრებას გეგმავს

პუბლიკა

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, უწყების გენერალური ინსპექცია მიხეილ სააკაშვილის ადვოკატთან, ნიკა გვარამიასთან გასაუბრებას გეგმავს ციხის საავადმყოფოში იმიტირებული ბუნტის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.

„2021 წლის 24 ოქტომბერს ტელეკომპანია მთავარი არხის გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნიკა გვარამიას გაესაუბრება.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი გვარამიას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით 25 ოქტომბერს გაესაუბრება.

ნიკა გვარამიას ცნობით, N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური გარანტია არ არსებობს და მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას იმიტირებული ბუნტი იგეგმება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით დასრულდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

„რომ მოვიცლი, გაგესაუბრებით”, – ასე გამოეხმარა სამინისტროს განცხადებას გვარამია.

„დღეს არ მცალია, „მთავარ აქცენტებში” ჩემს მაყურებლებს უნდა გავესაუბრო ამ და სხვა საკითხებზე”, – წერს ის facebook-ზე.


საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა დღეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მორიგი ბრიფინგი გამართეს და რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენეს. მათი თქმით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანას რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ეწინააღმდეგებიან.

სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა შეიცავს უსაფრთხოების რისკებს. გვარამია აცხადებს, რომ აქვთ ინფორმაცია, რომ იგეგმება იმიტირებული ბუნტი, რომელიც სააკაშვილის ლიკვიდაციით დასრულდება.