იმუნური მოსახლეობის კრიტიკული მასა თუ არ შეიქმნა, სამწუხაროდ, გვექნება რთული ნოემბერი | გამყრელიძე

პუბლიკა

იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედიასთან ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო სამ დღეში ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია შეიმჩნევა და თუ იმუნური მოსახლეობის კრიტიკული მასა არ შეიქმნა, ნოემბერში მძიმე ეპიდვითარება იქნება.

„ძალიან საყურადღებო და გასათვალისწინებელი მიმდინარეობაა. იცით, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა ქვეყანაში და ყველა მაჩვენებელი იკლებდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში – ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, სიკვდილიანობაც წამოვიდა ქვემოთ, რეპროდუქციის ინდექსიც. ბოლო სამი დღეა შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია.

ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.  ცივი სეზონი წამოვიდა, გამოჩნდა სხვა რესპირაციული ვირუსები.  ოქტომბრის ბოლოს გრიპი გამოჩნდება. ახალი ტერმინი გაჩნდა ე.წ. ტვინდემია. დატყუპება ამ ორი ინფექციის გრიპისა და კოვიდის, რომელიც ძალიან საყურადღებოა და მოსახლეობამ უნდა მიაქციოს ყურადღება. თუ არ ავიცერით და კრიტიკული მასა არ დაგროვდა ქვეყანაში აცრილების ( დღეს დაახლოებით 50- 55% ფარგლებში გვაქვს იმუნური ფენა), თუ არ იქნება 80% გადატანილი + აცრილი, სამწუხაროდ, გვექნება რთული ნოემბერი“. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.