„ის, რაც ღაზაში ხდება, გენოციდია" — UN-ის ადამიანის უფლებათა ოფიცერი თანამდებობას ტოვებს

პუბლიკა

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფიცერი ნიუ-იორკის ოფისში, კრეიგ მოხიბერი თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი პალესტინაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა და ამ მიმართულებით „გაეროს გაუბედაობაა”.

გადადგომის შესახებ განცხადებაში, რომლითაც მან გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ვოლკერ ტურკს მიმართა, მოხიბერი ამბობს:

„ის, რაც პალესტინაში ხდება, გენოციდის ქრესტომათიული შემთხვევაა. ევროპული, ეთნო-ნაციონალისტური, ახალმოსახლეობის კოლონიალისტური პროექტი პალესტინაში ფინალურ ფაზაში შედის და სავარაუდოდ, ადგილობრივი პალესტინელების დარჩენილი ნაწილის განადგურებასაც გამოიწვევს”.

მოხიბერი ამბობს, რომ „ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ გენოციდს, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს და ორგანიზაცია, რომელშიც ჩვენ ვმსახურობთ, უძლურია მის შეჩერებაში”.

მისი განცხადებით, გაერომ ვერ შეძლო, მოეხდინა გენოციდის პრევენცია ტუტსის ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ რუანდაში, მუსლიმების წინააღმდეგ ბოსნიაში, იეზიდების წინააღმდეგ ერაყში და როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ მიანმარში და ახლა „გაერო ისევ წარუმატებელია”.

„პალესტინელი ხალხის ამჟამინდელი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, რომელიც ფესვგადგმულია ახალმოსახლეების ეთნო-ნაციონალისტურ კოლონიალურ იდეოლოგიაში, არის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე სისტემური დევნისა და წმენდის გაგრძელება და მთლიანად ეფუძნება „არაბის” სტატუსს. ეს ეჭვს არ იწვევს”, – აცხადებს ქრეიგ მოხიბერი და დასძენს, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის უდიდესი ნაწილი არა მხოლოდ „უარს ამბობს, შეასრულოს ჟენევის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები, არამედ ისრაელის მხრიდან თავდასხმებს იარაღით უზრუნველყოფს და მას პოლიტიკურ და დიპლომატიურ მფარველობას უწევს”.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფიცრის წერილში არაფერია ნათქვამი ჰამასის მხრიდან ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმაზე, რომელსაც 1400 ადამიანი ემსხვერპლა, 240 კი ტყვედ იქცა.

კრეიგ მოხიბერი ისრაელს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ერთიანი, დემოკრატიული სეკულარული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას მთელ ისტორიულ პალესტინაში, თანაბარი უფლებებით ქრისტიანებისთვის, მუსლიმებისთვის და ებრაელებისთვის და, შესაბამისად, ღრმად რასისტული, ახალმოსახლეების მხრიდან კოლონიალისტური დევნის აღმოფხვრას და მთელ ტერიტორიაზე აპარტეიდის დასრულებას”, – აცხადებს მოხიბერი. 

კრეიგ მოხიბერი გაეროში 1992 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს ის უძღვებოდა უმაღლესი კომისიის საქმიანობას ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის შემუშავებაზე, იყო გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უფროსი მრჩეველი პალესტინაში, ავღანეთსა და სუდანში. როგორც იურისტი, რომელიც სპეციალიზდება ადამიანის უფლებათა სამართალში, ცხოვრობდა ღაზაში 1990-იან წლებში.