ისტორიაში პირველად სომხეთის კათოლიკოსი სასამართლოს წინაშე წარსდგება

პუბლიკა

ავტორი: იუსეფ ბარდოყა

სომხეთის თანამედროვე ისტორიაში პირველად სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მეთაური, კათოლიკოსი გარეგინ II სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება.

საქმე ეხება ეპისკოპოს გევორგ საროიანის საეკლესიო თანამდებობიდან გადაყენებას – ხელისუფლება გარეგინ II-სა და ეკლესიის სხვა სასულიერო პირებს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და საროიანის აღდგენაზე უარის თქმაში ადანაშაულებს.

დამოუკიდებელი მედია CivilNet-ის ინფორმაციით, გარეგინ II-სთან ერთად სასამართლოს წინაშე კიდევ ხუთი მაღალი რანგის სასულიერო პირი წარდგება. მათ ბრალად ედებათ „კანონიერი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განზრახ შეფერხება“ „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით“.

ბრალდებულებს შორის არიან არქიეპისკოპოსი ნათან ჰოვანისიანი, არქიეპისკოპოსი ჰაიკაზუნ ნაჯარიანი, ეპისკოპოსები ვაჰან ჰოვანესიანი, ედგარ ჰაკობიანი და არტურ ჰაკობიანი. CivilNet-ის ცნობით, გარეგინ II-სა და ჩამოთვლილ ეპისკოპოსებს ქვეყნის დატოვებაც აკრძალული აქვთ.

გევორგ საროიანი იმ სასულიერო პირებს შორის იყო, რომლებმაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ეკლესიას შორის დაპირისპირების დროს ფაშინიანს მხარდაჭერა გამოუცხადეს. იგი საჯაროდ უჭერდა მხარს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებულ საეკლესიო რეფორმებს. საროიანი იანვარში საეკლესიო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გათავისუფლების მიზეზად ეკლესიამ დაასახელა საროიანის მიერ „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, წინამძღვრის მოვალეობების შეუსრულებლობა, ასევე ეპარქიის სასულიერო პირებზე ზეწოლისა და იძულების ფაქტები“.

საროიანმა ეს ბრალდებები უარყო და საპასუხოდ განაცხადა, რომ გარეგინ II-ს ეკლესიის ყველა სასულიერო პირზე მაკომპრომეტირებელი მასალა აქვს.

სომხეთის სასამართლომ საროიანის გათავისუფლებიდან იმავე თვეში ეკლესიას მისი თანამდებობაზე აღდგენა დაავალა.

ხელისუფლებამ გარეგინ II-ს ქვეყნის დატოვება ერთხელ უკვე აუკრძალა მიმდინარე წლის თებერვალში, თუმცა ეს შეზღუდვა აპრილში გააუქმა.

სომეხთა სამოციქულო ეკლესიასა და ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას შორის ურთიერთობა 2025 წლის მაისიდან განსაკუთრებით დაიძაბა. მაშინ ფაშინიანმა ეკლესიის ხელმძღვანელობა ქვეყნის მასშტაბით ტაძრების არასათანადო მოვლის გამო გააკრიტიკა. მოგვიანებით ეკლესიის, განსაკუთრებით კი გარეგინ II-ის მიმართ ბრალდებები გახშირდა, ხოლო ფაშინიანმა თანდათან აშკარა გახადა, რომ კათოლიკოსის თანამდებობიდან ჩამოშორებას ცდილობდა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.