იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

პუბლიკა

იურიდიულ საკითხა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყრიან კენჭს. პირველი კენჭისყრაზე გენადი მაკარიძის კანდიდატურა გავიდა. მის კანდიდატურას, სხდომაზე მყოფთაგან, მხარი მხოლოდ ლევან იოსელიანმა არ დაუჭირა, 11 კი მომხრე იყო.

ასევე უმრავლესობის მიერ იქნა მხარდაჭერილი დანარჩენი სამი კანდიდატიც – თამარ ოქროპირიძე, ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი. არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი ლევან იოსელიანმა, ფრიდონ ინჯიამ კი, მხოლოდ ნინო სანდოძეს კანდიდატურის მხარდაჭერაზე თქვა უარი. კომიტეტის დადებითი რეკომენდაციით, ოთხივე კანდიდატს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ოთხ კანდიდატთან გასაუბრება 25-26 ნოემბერს ჩატარდა.

ამჟამად უზენაეს სასამართლოში 5 ვაკანტური პოზიციაა და 3 დამოუკიდებელი კონკურსი მიმდინარეობს, რომლებიც ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატებიდან სამი მათგანი (ნინო სანდოძე, თამარ ოქროპირიძე, თეა ძიმისტარაშვილი) უკვე მონაწილეობდნენ წინა კონკურსში, რომლის დროსაც ისინი შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდნენ.


„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ“ – ამის შესახებ აშშ-ის საელჩომ განაცხადა.

ევროკავშირის საელჩომ უარი თქვა, დაკვირვებოდა კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს.

„ეს არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას, ვენეციის კომისიის და „ოდირის“ რჩევების სულისკვეთებით არ მიმდინარეობს ეს პროცესი და ამ საკითხებს ჩვენ კვლავ ვახსენებთ, თუ რა უნდა გაკეთდეს, ვფიქრობთ რომ პროცესი უნდა შეჩერდეს, ახლა ეს პარლამენტის პასუხისმგებლობაა, რომ შეაფასონ საკითხი, რომელსაც განიხილავენ“, – განაცხადა ჰარცელმა.

მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა პარლამენტს ომბუდსმენმა და კოალიციამ დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის.