ჯანდაცვის სამინისტროს შესყიდვებში „ოცნების“ შემომწირველები და ახალდაარსებული კომპანიები ფიგურირებენ - IDFI

პუბლიკა

საგანგებო მდგომარეობის პირობებში ტენდერების ნაცვლად, სახელმწიფო დროის მოგების მიზეზით გამარტივებული წესით შესყიდვებს მიმართავს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI წერს, სახეზეა გადაუდებელი აუცილებლობა, რაც შესყიდვების კანონმდებლობით გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს და სახელმწიფო სტრუქტურას საშუალებას აძლევს, საჭირო პროდუქტი შეიძინოს ტენდერის გარეშე, პირდაპირი გზით. ამისათვის, უწყებას შესყიდვების სააგენტოს თანხმობა სჭირდება, თუმცა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, წინასწარი თანხმობის მოთხოვნაზე მეტად გვხვდება უკვე შეძენილ პროდუქტზე/მომსახურებაზე შესყიდვის შემდგომ შეთანხმება.

მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვით 3 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა მხოლოდ სამედიცინო ნიღბების შესასყიდად. თუმცა, როგორც IDFI წერს, სამედიცინო აღჭურვილობასა და მასალებზე გაფორმებულ ხელშეკრულებათა ნაწილი იდება კომპანიებთან, რომლებიც ახალი დაარსებულია, არ აქვთ შეხება სამედიცინო სფეროსთან ან „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან.

შპს Weekend

სახელმწიფომ ყველაზე იაფიანი პირბადეები ამ კომპანიისგან შეიძინა. თუმცა, ამის გარდა სამინისტრომ შეიძინა ორი განსხვავებული სახეობის ე.წ. N95 პირბადეები, რომელთა ფასები დაახლოებით 5 ლარია.

„პირბადეების გარდა სამინისტრომ ამ კომპანიისაგან შეიძინა უკონტაქტო თერმომეტრები, სპეციალური სამედიცინო ტანსაცმელი და ბახილები, რაშიც ჯამში 1 მილიონ 330 ათას დოლარამდე გადაუხადა, რაც 6 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსით (როცა შესყიდვა გაფორმდა) 4 მილიონ 200 ათას ლარამდეა“, – წერს IDFI.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიხედვით, შპს Weekend-ის 100% წილის მფლობელი ბონდო გოლეთიანია. ის მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია.

ბონდო გოლეთიანმა ზურაბიშვილს წინასაარჩევნოდ 25,000 ლარი შესწირა, ხოლო მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ჭიჭიკო გოლეთიანმა კი – 35,000 ლარი. გოლეთიანის კიდევ ერთ ბიზნეს პარტნიორს, შალვა ერისთავს 60,000 აქვს შეწირული სალომე ზურაბიშვილისთვის.

შპს „ად მედია“

IDFI-ის მიხედვით, ზურაბიშვილის შემომწირველს უკავშირდება კომპანია „ად მედიაც“. ამ კომპანიის ერთ-ერთი მეწილე სერგო გალუსტიანია. ის 100%-იან წილს ფლობს კომპანია „რესპირატორში“, რომელიც 15 აპრილს დაარსდა და ფონდ ქართუსთვის 4 მილიონ პირბადეს კერავს. გალუსტიანმა სალომე ზურაბიშვილს 2018 წელს 60,000 ლარი შესწირა, ასევე 40,000 ლარიანი შემოწირულობა „ქართული ოცნებისთვისაც“ აქვს გაღებული.

შპს „ედვინგსი“

ჯანდაცვის სამინისტრომ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, 3 აპრილს 20 000 პლასტიკის ნიღავი 44 000 ლარად შეიძინა. ასე რომ, თითო ნიღბის ფასი 2 ლარი და 20 თეთრი გამოდის. კომპანია, რომლისგანაც სამინისტრომ გამარტივებული წესით ნიღბები შეიძინა, შპს „ედვინგსია“.

„ეს კომპანია 2019 წლის 12 მარტს არის რეგისტრირებული, არ აქვს ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება და მხოლოდ გამარტივებული შესყიდვებით მიღებული ხელშეკრულებები უფიქსირდება. გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის პირველი ხელშეკრულება კომპანიამ 6 თვის წინ მიიღო. ამასთან, თანხობრივად ყველაზე მსხვილი კონტრაქტი, სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს შესყიდვაში დაფიქსირდა“, – წერს IDFI.

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი თაქთაქიშვილი, 2014 წელს „ქართული ოცნების“ შემომწირველი იყო.

შპს „ჯეოფერუმი“

როგორც IDFI წერს, პირბადეებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტრომ დიდი რაოდენობის ბიოლოგიური დაცვის კომბინიზონი შეიძინა. კომბინიზონების შესყიდვა კი 6 აპრილს კომპანია „ჯეოფერუმისგან“ მოხდა, რომლის საქმიანობის ძირითადი სფერო ლითონის სამშენებლო მასალების რეალიზაციაა.

კომპანია 2019 წლს დაარსდა და მას შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია. ამ შესყიდვით კი „ჯეოფერუმმა“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო და სანაცვლოდ, 10 სამუშაო დღის ვადაში 14 100 ერთეული ბიოლოგიური დაცვის კომბინიზონის მიწოდების ვალდებულება აიღო.

კომპანიის დამფუძნებელი ლევან ლურსმანაშვილია. „საინტერესოა, რომ ის 100%-იან წილს ფლობს შპს „ჯეოორთოში”, რომელიც სამედიცინო მოწყობილობების იმპორტიორი კომპანიაა და მრავალ ტენდერშიც გაუმარჯვია. სავარაუდოდ, მიზეზი, რის გამოც ლურსმანაშვილმა ამ კომპანიის სახელით ვერ მიიღო ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეკრულება ისაა, რომ შპს „ჯეოორთო“ ამჟამად შესყიდვების შავ სიაშია შეყვანილი“, – წერს IDFI.

IDFI-ის მიხედვით, ლურსმანაშვილს 2016 წელს „ქართული ოცნებისთვის“ 25 000 ლარი აქვს შეწირული, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილისთვის – 10 000 ლარი. ლურსმანაშვილი ფლობს 50%-იან წილს შპს „ტანდემშიც“, რომლის დანარჩენ ორ მეწილეს, დავით კაპანაძესა და მამუკა ხელაიას ჯამში 50 000 ლარი აქვთ შეწირული „ქართული ოცნებისთვის“ და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის.

შპს „სავაჭრო ჯგუფი“

IDFI წერს, რომ კიდევ ერთი საყურადღებო შესყიდვაა შპს „სავაჭრო ჯგუფთან“ დადებული ხელშეკრულება. თავდაპირველად, ჯანდაცვის სამინისტრომ შპს „ქართულ ტექსტილთან“ გააფორმა ხელშეკრულება. ხელშეკრულებით კომპანიას 500 000 პირბადე უნდა დაემზადებინა, თუმცა, მოგვიანებით, ხელშეკრულება დაკორექტირდა და სამინისტრომ მისგან მხოლოდ 100 000 ცალი იყიდა. ჯამური თანხის მიხედვით, თითო პირბადის ფასი 1 ლარი და 14 თეთრი გამოვიდა.

ხოლო „ქართული ტექსტილის“ ნაცვლად, ხელშეკრულება პირბადეების შესყიდვაზე შპს „სავაჭრო ჯგუფთან“ გაფორმდა. IDFI-ის მიხედვით, თავდაპირველად ხელშეკრულება 681 000 ათასი ლარის ღირებულების იყო, რაც ნიშნავს, რომ კომპანია თითო პირბადეს 1.50 ლარად ყიდდა, პირველ კომპანიაზე ძვირად.

„თუმცა, 2 აპრილს ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა. ამჯერად სამინისტრომ 454 000 სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი 589 000 ლარად შეისყიდა. ცვლილებით შეკვეთილი პირბადეები ორ ნაწილად გაიყო: 400 000 პირბადე – თითოს ფასი 1 ლარი 27 თეთრი (ჯამში 508 000 ლარი) და 54 000 პირბადე – თითოს ფასი 1 ლარი და 50 თეთრი (ჯამში 81 000 ლარი)“, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

ამ ხელშეკრულების მიხედვითაც, შპს „სავაჭრო ჯგუფმა“ ჯანდაცვის სამინისტროსთვის პირბადეები მაინც უფრო ძვირად დაამზადა, ვიდრე „ქართულმა ტექსტილმა“.

როგორც IDFI წერს, მსგავსი ფაქტები და გამარტივებული შესყიდვები რამდენიმე პრობლემას აჩვენებს, მათ შორის:

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, გამარტივებული შესყიდვებისას არ ხდება შესასყიდი პროდუქტის ზუსტი სპეციფიკაციების სისტემაში ატვირთვა, ისევე როგორც მიმწოდებლის მხრიდან შეთავაზებული პროდუქციის დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის მიწოდებული პროდუქციის ხარისხის შეფასებას, რამაც ამ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა პირბადეების შემთხვევაში.

ასევე კონკურენციის არარსებობიდან გამომდინარე, გაურკვეველია, რა პრინციპით უფორმდებათ კონკრეტულ კომპანიებს ხელშეკრულებები. ხოლო, რადგან შეუძლებელია პროდუქტის ხარისხის შეფასება, ასევე გაურკევველია რის საფუძველზე ხდება ამ ხელშეკრულებების შეწყვეტა და იგივე პროდუქტის უფრო მაღალ ფასად სხვა კომპანიებისგან შეძენა.

„საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანალიზი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება, სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, საბიუჯეტო თანხების არასწორი ხარჯვის რისკების შემცველია და საჭიროებს მაღალი ხარისხის გამჭვირვალობასა და მუდმივ მონიტორინგს“, – წერს IDFI.