ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები პროტესტის ნიშნად უკვე 29-ე დღეა შიმშილობენ და პირი აქვთ ამოკერილი. ისინი 30 მაისიდან თბილისში, ამერიკის საელჩოსთან არიან და სახელმწიფოს ყურადღებას ითხოვენ.
დღეს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაავრცელა განცხადება, რომ კონსტრუქციული მოლაპარაკებები შედგა და პროცესები დიალოგის რეჟიმში გადაინაცვლებს.
„პუბლიკას“ ერთ-ერთი მოშიმშილე, თამარ კუპატაძე ეუბნება, რომ ამ დრომდე კონკრეტულად არ გადადგმულა კომპანიის მხრიდან ქმედითი ნაბიჯი. მათ მხოლოდ ის იციან, რომ კომპანიამ დიალოგისთვის მზაობა გამოთქვა.
თამარ კუპატაძე ამბობს, რომ პროტესტი გრძელდება, ისინი კვლავ შიმშილობენ, გუშინ მხოლოდ მშრალი შიმშილობა შეწყვიტეს.
„ქმედითი ნაბიჯები ჯერ არაფერი არ არის გადადგმული. არც ვიცით, რა ტიპის მოლაპარაკებაზე ვსაუბრობთ და როგორ გითხრათ? აუცილებლად შეგატყობინებთ, თუ რამე შეიცვლება, მედიას და იმ ხალხს, ვინც გევრდით გვიდგას.
შემოთავაზება რამე კონკრეტულიც არ ყოფილა, დაწყებულია მოლაპარაკებაო, მაგრამ რა მოლაპარაკებებზე ვსაუბრობთ, არც ეგ ვიცით. ჩვენგან არავინ ყოფილა ჯერ ჩართული, მარტო ის ვიცით, რომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები”, – ამბობს თამარ კუპატაძე.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები რომ უნდა დაიწყოს პროტესტის მონაწილეებსა და კომპანიას შორის. ეს ინფორმაცია მათ კომპანიიდან მიაწოდეს, მაგრამ სხვა არაფერი იციან.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტი უკვე რამდენიმე დღეა თბილისში, ამერიკის საელჩოსთან, გრძელდება. 8 ადამიანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა – შიმშილობა გამოაცხადა, რამდენიმემ კი პირი ამოიკერა.
შუქრუთელები, რომლებმაც პროტესტი, თავდაპირველად ჭიათურაში დაიწყეს, ჩივიან, რომ ხელისუფლება მათი გასაჭირით არ ინტერესდება. მოშიმშილეები სახელმწიფოსგან ყურადღებას მოითხოვენ, რადგან მათი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოწურულია. ისინი მოითხოვენ ადეკვატურ კომპენსაციას, მანამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
შუქრუთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი ხდება; ზიანდება სახლები, ნიადაგი და ნაკვეთები; იკარგება საერთო სავარგულები, ბუნებრივი თუ მატერიალური რესურსი. ისინი მოითხოვენ, ანაზღაურდეს შუქრუთის მოსახლეობის ზარალი ისე, რომ მათ სხვაგან გადასვლა და ცხოვრება შეძლონ.