„ჩვენი პრობლემებით არავინ დაინტერესებულა“ - შუქრუთელებმა მშრალი შიმშილობა დაიწყეს

პუბლიკა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტი უკვე რამდენიმე დღეა თბილისში, ამერიკის საელჩოსთან, გრძელდება. 8 ადამიანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა – შიმშილობა გამოაცხადა, რამდენიმემ კი პირი ამოიკერა.

დღეს უკვე პროტესტის მონაწილე შუქრუთელები ამბობენ, რომ იწყებენ მშრალ შიმშილობას. მათ თქმით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ რაც მათი პრობლემებით არავინ დაინტერესდა. შუქრუთელები 30 მაისიდან თბილისში არიან.

„25-ე დღეა რაც რადიკალურ ფორმებს მივმართეთ. დღეს დილიდან კი გადავდგით ეს ნაბიჯი და სრულ, მშრალ შიმშილობაზე გადავედით, რადგან რეალურად არავინ არ მოსულა და ჩვენი პრობლემებით არავინ არ დაინტერესებულა. ჩვენთან არ მოსულა არც კომპანიის წარმომადგენლები, არც სახელმწიფოს წარმომადგენლები, “- ამბობს ერთ-ერთი შუქრუთელი „პუბლიკასთან“.

შუქრუთელები სახელმწიფოსგან ყურადღებას მოითხოვენ, რადგან, მათი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოწურულია. ისინი მოითხოვენ ადეკვატურ კომპენსაციას, მანამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

შუქრუთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი ხდება; ზიანდება სახლები, ნიადაგი და ნაკვეთები; იკარგება საერთო სავარგულები, ბუნებრივი თუ მატერიალური რესურსი. ისინი მოითხოვენ, ანაზღაურდეს შუქრუთის მოსახლეობის ზარალი ისე, რომ მათ სხვაგან გადასვლა და ცხოვრება შეძლონ.

 

LB loan image desktop LB loan image mobile