ვეტო იქნებოდა მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის - ინსპექტორის სამსახური

პუბლიკა

დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებებს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა.

ინსპექტორის სამსახური პრეზიდენტის გადაწყვეტილებას განცხადებით გამოეხმაურა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან, ვეტოს დაძლევის თაობაზე, გამოთქმული იყო მყარი პოზიცია, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი იქნებოდა მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერებისა და არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირებისათვის მეტი სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფისთვის. ამასთან, მოტივირებული შენიშვნების წარდგენის შემდგომ, პარლამენტს ექნებოდა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო და გადაესინჯა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რათა, ფართო დისკუსიის საფუძველზე განეხორციელებინა რეალურ რეფორმაზე ორიენტირებული კანონის მიღება.

აღნიშნული კანონის მიღებითა და ძალაში შესვლით, საქართველოში გაუქმდა დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც მისი შექმნის დღიდან ორიენტირებული იყო ადამიანის უფლებების დაცვაზე და რომელმაც, შეზღუდული საკანონმდებლო, ადამიანური და ფინანსური რესურსის, სახელმწიფო უწყებების მხრიდან თანამშრომლობის დაბალი ხარისხის პირობებშიც კი შეძლო – აემაღლებინა საზოგადოების ნდობა ინსტიტუტის მიმართ, კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების გზით“,- ნათქვამია განცხადებაში.