კენიის პარლამენტმა საქართველოში ბაობაბების ექსპორტის შესწავლა დაიწყო

პუბლიკა

კენიის პარლამენტის გარემოს დაცვის, ტყისა და მადნის კომიტეტმა საქართველოში ბაობაბების ექსპორტის საკითხის შესწავლა დაიწყო. კომიტეტის წევრებმა მოინახულეს ადგილები, სადაც საექსპორტო მიზნებისთვის რვა ბაობაბი ამოიღეს მიწიდან. ხეები ამჟამად ამოთხრილია და საექსპორტოდაა გამზადებული.

ფაქტების შესასწავლად კომიტეტის წინაშე კენიის სატყეო სამსახურის, კენიის ტყეების შემსწავლელი ინსტიტუტისა და გარემოს მართვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც წარდგნენ. მათი მიზანია, გამოიკვლიონ თითოეული ამ უწყების როლი ბაობაბების გაყიდვის საქმეში.

„როგორც საკანონმდებლო ხელისუფლება, ჩვენ შევიმუშავებთ კანონმდებლობას კენიელების ქონების გადასარჩენად. ჩვენ ასევე მივცემთ დაინტერესებულ უწყებებს შესაბამის დირექტივებს ბაობაბის ექსპორტის შესახებ“, – განაცხადა ჩარლზ კამურენმა.

როგორც კენიის პარლამენტის პრესსამსახური აცხადებს, დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სატყეო სამსახურს გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით უნდა მიეღო.

თავის მხრივ, სატყეო სამსახურის წარმომადგენლის ჯეიმს მუამოდენაის განცხადებით, როცა მათ ბაობაბების გაყიდვის შესახებ გაიგეს, ხეები უკვე ამოთხრილი იყო.

„მაშინვე, როცა ეს ამბავი გავიგეთ, ჩვენ დავიწყეთ საკითხის მოკვლევა და შეგვატყობინეს, რომ ხეები საქართველოში შეკვეთილის ბოტანიკური ბაღისთვის იყო განკუთვნილი. ბაობაბები განთავსდებიან სექციაში, სადაც წარმოდგენილია ხეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან“, – განაცხადა მუამოდენაიმ.

კენიის ტყეების შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევარმა, ლინუს ვეკესამ კი განაცხადა, რომ ბაობაბი არ არის შეტანილი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეების სიაში და სადაც ისინი ამოთხარეს, იმ ტერიტორიაზე მათ გადაშენება არ ემუქრებათ. ამიტომ კონსერვაციის კუთხით, გადაწყვეტილება პრობლემური არ იყო.

თუმცა გარემოს მართვის სააგენტოს წარმომადგენლის აზრით, იმის მიუხედავად, რომ ბაობაბებს გადაშენება ჯერჯერობით არ ემუქრება, მაინც საჭიროა მათ დასაცავად კანონმდებლობის შემუშავება.

„ადგილობრივ თემს ამ ხეებთან ღრმა კულტურული კავშირი აქვს და ბაობაბები უნდა დავიცვათ“, – განაცხადა გარემოს მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა რობერტ ორინამ.

კენიის პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებით, გარემოს დაცვის კომიტეტი ფაქტების შესწავლის შემდეგ ანგარიშს მოამზადებს და პარლამენტს დებატებისთვის წარუდგენს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს კამურენმა განაცხადა, რომ თუკი გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები ოფიციალური პირების მხრიდან, მათ პასუხიც უნდა აგონ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ადგილობრივი ფერმერები ბაობაბების გაყიდვიდან მიღებულ მცირე თანხებზეც ჩივიან. კილიფის მხარის ქალთა წარმომადგენლის გერტრუდ მბეიუს თქმით, ფერმერები ამბობენ, რომ თითოეულ ხეში დაახლოებით 100 000 კენიური შილინგი მიიღეს, რაც დაახლოებით 750 დოლარის ტოლია. არადა, ქართული მხარე აცხადებდა, რომ მათ თითოეულ ხეში „მილიონები გადაიხადეს“.


საქართველოში შეკვეთილის დენდროლოგიური პარკისთვის ბაობაბების შეძენაზე ინფორმაცია 2022 წლის ნოემბერში გავრცელდა. ამის შემდეგ კენიის პრეზიდენტმა ბაობაბების გაყიდვის ლიცენზია შეაჩერა და ფაქტის სასწრაფოდ გამოძიება მოითხოვა, მაგრამ თებერვალში მთავრობამ მათი ექსპორტი ხელახლა დაუშვა.