„ხელისუფლება მშვიდობიან დემონსტრაციებს მხოლოდ საპოლიციო ძალებით პასუხობდა“ - ანგარიში

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიში – „აქტივიზმი და შეკრების უფლებით სარგებლობა“ მოიცავს  პროექტის „იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისთვის“ ფარგლებში 2021 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით წარმოებულ საქმეებსა და მათ ანალიზს.  დოკუმენტი  აფასებს აღნიშნულ პერიოდში გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციებისას საპოლიციო მოქმედებებს, გამოყენებული ძალის პროპორციულობას, უფლებრივ დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების ეფექტიანობას.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, გასულ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური და პოლიტიკური კრიზისების მოგვარების სტრატეგიისა და მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკის არარსებობა.

„ხელისუფლება მშვიდობიან დემონსტრაციებს ყველა ჯერზე მხოლოდ საპოლიციო ძალებით პასუხობდა, რა დროსაც უგულებელყოფილი გახლდათ პრობლემის გადაჭრის კონსტრუქციული გზები. განსაკუთრებით მწვავე იყო 5 ივლისს განვითარებული მოვლენები, როდესაც ხელისუფლება არ აღმოჩნდა მშვიდობიანი გამოხატვის, ადამიანის ღირსების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის უფლების დაცვის მხარეს. მეტიც, მან დაუშვა და ირიბად წაახალისა ძალადობრივი მოქმედებები. აღნიშნულის ფონზე, კიდევ უფრო მძიმე სურათს ქმნის ის ფაქტი, რომ ძალადობის ორგანიზატორების სამართლებრივი და ხელისუფლების წარმომადგენლების პოლიტიკური პასუხისმგებლობა დღემდე არ დამდგარა.“

პოლიციის უმოქმედობა – 5 ივლისის საქმე

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2021 წლის 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენები საპოლიციო უმოქმედობისა და დემონსტრაციული პასიურობის გამორჩეული შემთხვევა იყო, რის შედეგადაც ათეულობით ჟურნალისტმა და აქტივისტმა სხვადასხვა სიმძიმის ფიზიკური დაზიანება მიიღო.

„როგორც ცნობილია საზოგადოებისთვის, ამ დღეს, სიძულვილის ჯგუფებმა, წინასწარ ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებებით, ხელი შეუშალეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ გამართვას, რომლის ორგანიზატორიც იყო „თბილისი პრაიდი“ და სხვა სამოქალაქო/აქტივისტური ჯგუფები. სახელმწიფომ არათუ ვერ შეძლო ძალადობრივი ფაქტების სათანადოდ პრევენცია შეკრების ადგილას მობილიზებული არაადეკვატური რაოდენობის საპოლიციო ძალების გამოყვანით, არამედ უშუალოდ ინციდენტების აღკვეთის პროცესშიც, პოლიცია იყო უმოქმედო და არაეფექტური.“

აქვე ვკითხულობთ, რომ 5 ივლისს პოლიციის უმოქმედობა არ უნდა აიხსნას საფრთხეების არასათანადოდ შეფასებით ან მოუმზადებლობით.

„ამ მოვლენებში ნათლად ჩანდა, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები იმთავითვე არ აპირებდნენ „პრაიდისთვის“ მსვლელობის ჩატარების შესაძლებლობის მიცემას. ეს განსაკუთრებით ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც ღია ძალადობრივი ინციდენტების შემდეგ, სახელმწიფოს არ აღმოაჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნება, გაეტარებინა სამართლებრივი ზომები უშუალოდ ძალადობის ორგანიზატორების მიმართ.“

ჭარბი/ინტენსიური საპოლიციო ძალების მობილიზება – ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდე საპროტესტო აქციები

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ჭარბი საპოლიციო ძალის გამოყენების მკაფიო მაგალითი იყო ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიანი პროტესტი, რასაც სახელმწიფო ძირითადად საპოლიციო ძალებით პასუხობდა და რა დროსაც უგულებელყოფილი იყო პრობლემის გადაჭრის კონსტრუქციული და დიალოგზე ორიენტირებული გზები.

„ხისტი და რეპრესიული მეთოდებით, პოლიცია დაუსაბუთებლად და თვითნებურად ერეოდა რიონის ხეობის მცველების მშვიდობიანი შეკრების უფლებაში. გაძლიერებული საპოლიციო ღონისძიებებით „რიონის ხეობის მცველების“ ფუნდამენტურ უფლებებში ამგვარი უხეში და დაუსაბუთებელი ჩარევა პროცესების დამატებით გართულების რისკებს ქმნიდა.“

შეკრების მონაწილეთა დაკავებისა და საპოლიციო ღონისძიებების გასაჩივრების პრაქტიკა

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავების მოქმედება და გამოყენებული იძულების ღონისძიებები განსაკუთრებული სიმწვავით აჩვენებს პოლიციის რეპრესიულ სახეს.

„აქტივისტების დაკავებამ გამოკვეთა პოლიციის გამორჩეული რეპრესიულობა და სიხისტე. საერთო ჯამში, აქციის დროს სამართალდამცავთა მხრიდან გამოყენებული ადმინისტრაციული დაკავებები აქციის მშვიდობიანი და არაძალადობრივი ხასიათის გათვალისწინებით, არაპროპორციული და არაგონივრული იყო.“

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.