ხელშეკრულებით, ნამუშევრების გატანა შეუძლებელია, თუმცა გამოფენას 3 კვირით ადრე დავასრულებთ - მუზეუმი

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გამოფენა „ავტოპორტრეტი სარკესთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სანდრო სულაბერიძის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შემდეგ რვა მხატვარმა მოისურვა ექსპოზიციიდან თავიანთი ნამუშევრების ამოღება, რაც, მუზეუმის განცხადებით, ხელშეკრულების თანახმად, შეუძლებელია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად ამისა, მხატვრებისთვის გამოსავლის შეთავაზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოფენა „ავტოპორტრეტი სარკესთან“ დასრულდეს 20 თებერვალს, 12 მარტის ნაცვლად, და გაიხსნას სხვა, მომდევნო გამოფენა.

„დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 4 თებერვლიდან 12 მარტამდე მასპინძლობს ექსპოზიციას „ავტოპორტრეტი სარკესთან“ (ორგანიზატორი კულტურის ცენტრი ATINATI’S; გამოფენის კურატორი ქეთევან შავგულიძე). გამოფენაზე წარმოდგენილია 41 მხატვრის ნამუშევრები. მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ საგამოფენო დარბაზში კედლის დაზიანებისა და თავისი ნახატის ჩამოხსნისა და შეუთანხმებლად გატანის ფაქტის შემდეგ, სოლიდარობის მიზნით, რვა მხატვარმა ასევე მოისურვა ექსპოზიციიდან თავიანთი ნამუშევრების ამოღება, რაც, კულტურის ცენტრ ATINATI’S-სა და ეროვნულ გალერეას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, შეუძლებელია.

მიუხედავად ამისა, და მხატვრებისთვის გამოსავლის შეთავაზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოფენა „ავტოპორტრეტი სარკესთან“ დასრულდეს 20 თებერვალს, 12 მარტის ნაცვლად, და გაიხსნას სხვა, მომდევნო გამოფენა.

გვსურს, დისკომფორტისთვის ბოდიში მოვუხადოთ როგორც გამოფენის სხვა მონაწილეებს, ვისაც არ გამოუთქვამთ ნამუშევრის გატანის სურვილი, ისე – დამთვალიერებელს. ამავე დროს, მადლობას ვუხდით კულტურის ცენტრ ATINATI’S-ს საუკეთესო თანამშრომლობისათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულმა გალერეამ, ქვეყნის ერთ-ერთმა პირველმა საგამოფენო სივრცემ, ზოგიერთ ნაკლებად ცნობილ მხატვარს პირველად მისცა შესაძლებლობა, წარმოეჩინა თავისი ხელოვნება, რაც მანამდე არ გახლდათ მუზეუმის საგამოფენო პოლიტიკა. სწორედ მხატვრების მიმართ სახელმწიფოს ასეთი მხარდაჭერა ემსახურება ხელოვნების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დასანანია, რომ ზოგიერთმა მხატვარმა ეს შესაძლებლობა პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენა”, – ნათქვამია განცხადებაში.