კიდევ ერთხელ დავუდასტურე მზადყოფნა, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაცია - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერევანში სამუშაო ვიზიტს აფასებს. მისი განცხადებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა, რომ საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაცია რეგიონში.

„შეხვედრაზე განვიხილეთ „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“, რომელიც გაეროში გავაჟღერე. ახალი სამშვიდობო ფორმატი ხელს შეუწყობს მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივებზე მსჯელობას, რომელშიც, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთვებიან.

ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ დავუდასტურე მზადყოფნა, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და რეგიონი ეტაპობრივად გარდაიქმნას ახალი შესაძლებლობების, განვითარებისა და მშვიდობის რეგიონად“, – აცხადებს ღარიბაშვილი.