კომიტეტმა კუჭავას, ხოშტარიას, ჯაფარიძისა და ნათელაშვილის მანდატების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პუბლიკა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის ოთხი დეპუტატის – ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და კახაბერ კუჭავასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ელენე ხოშტარიასთვის და შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერება დღის წესრიგში იმიტომ დადგა, რომ მათ გასულ საპარლამენტო სესიაზე ყველა სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინეს.

შალვა ნათელაშვილის საკითხის განხილვის დროს კომიტეტის წევრი ოპოზიციონერი დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ პროცედურის მიხედვით ნათელაშვილისთვის მანდატის შეჩერებაზე მსჯელობა ლეგიტიმურია, თუმცა უმრავლესობის დეპუტატებს თხოვნით მიმართეს, მასთან დაკავშირებით განსხვავებული პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღოთ.

ოპოზიციონერები დაინტერესდნენ, აცნობეს თუ არა შალვა ნათელაშვილს კომიტეტის სხდომის ჩატარების შესახებ და მის მიერ პარლამენტში შესვლის მზაობის გამოხატვის შემდეგ ხომ არ შეცვლის კომიტეტი პოზიციას და შეუნარჩუნებს ნათელაშვილს მანდატს.

ენმ-ის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს 2022 წლის 1 თებერვლამდე ჰქონდათ შესაძლებლობა, გადაეწყვიტათ, აგრძელებდნენ თუ არა პარლამენტში საქმიანობას. ბეჟაშვილის განცხადებით, შალვა ნათელაშვილმა თავისი საჯარო პოზიცია 1 თებერვლამდე დააფიქსირა.

შალვა შავგულიძის განცხადებით, შალვა ნათელაშვილი პოლიტიკური ბოიკოტით სარგებლობდა, რომლის დასრულების შესახებ სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გვიან განაცხადა, მაგრამ, მისი აზრით, ნათელაშვილი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანასწორ მდგომარეობაში უნდა ჩადგეს და არ წაერთვას საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელების უფლება.

თამარ კორძაიას საკითხის კენჭისყრის გადადების ინიციატივა ჰქონდა. იაგო ხვიჩიას განცხადებით კი – ხალხი, რომელმაც ნათელაშვილი აირჩია, „ღირსია, მთელი წელი პარლამენტში უყუროს მას“.

„ადამიანი პარლამენტიდან გავუშვათ თუ არ გავუშვათ, ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, ეს გადაწყვიტა ქართველმა ხალხმა“, – თქვა მან.

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუ პარლამენტი ნათელაშვილს მანდატს შეუჩერებს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.

უმრავლესობის წევრების თქმით, კომიტეტზე სამართლებრივ საკითხს განიხილავენ, პოლიტიკური განცხადებებისთვის კი პლენარული სხდომები არსებობს, რომელზე დასწრების უფლებაც, მათი თქმით, შალვა ნათელაშვილსაც აქვს.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, შალვა ნათელაშვილს პარლამენტის მიმართ „სერიოზული დამოკიდებულება“ არასდროს ჰქონია, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიმართ კი „უწმაწური და მოღალატეობრივი სიტყვებით“ გამოირჩეოდა.

„სამართლებრივად განვიხილავთ იმ საკითხს, რომელიც ბატონმა შალვამ თავად მიიყვანა აქამდე, ის რომ არცერთ სხდომას ეს ადამიანი არ დასწრებია, არც ის მიზეზი გაითვალისწინა, 1 თებერვლამდე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი, არც იქ მოვიდა არცერთ სხდომაზე. გამოდის, რომ სამართლებრივ ნაწილში გვეთანხმებით, პოლიტიკურ ნაწილში კი არ აქვს ამ ადამიანს რამე ტიპის სურვილი, საპარლამენტო საქმიანობა დაიწყოს. მე-10 მოწვევის პარლამენტი არ არის გამონაკლისი, როცა ბატონი შალვა არ ასრულებს თავის ფუნქციას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, ის პირველი ინსტანციის სასამართლომ თაღლითობის მუხლით მსჯავრებულად ცნო, თუმცა ხანდაზმულობის გამო საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ საკითხის გათვალისწინებით, რეგლამენტზე დაყრდნობით, ჯაფარიძეს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

ბადრი ჯაფარიძის საკითხს კომიტეტზე განხილვა მოჰყვა.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო იმ მუხლში, რომლის გამოც ჯაფარიძე ხანდაზმულობის გათვალისწინებით არ გასამართლდა, მისი საქმე იყო სამართლებრივად ხარვეზიანი და ჯაფარიძეს არ ჰქონდა საშუალება, თაღლითობის ნაწილში თავი ემართლა სასამართლოს წინაშე. მათი თქმით, პარლამენტმა უნდა მიაქციოს ყურადღება, რა მუხლით იქნა ადამიანი დამნაშავედ მიჩნეული და უნდა გაიმიჯნოს, როდის უნდა დაეკისროს დეპუტატს პასუხისმგებლობა და როდის – არა. შალვა შავგულიძემ ხანგრძლივ გამოსვლაში მოიყვანა სხვადასხვა მაგალითი და პრეცედენტი, რომლითაც შეეცადა, დაემტკიცებინა, რატომ არ შეიძლება ჯაფარიძე მიჩნეულ იქნას დამნაშავედ. ოპოზიციონერი დეპუტატები ამტკიცებდნენ, რომ პარლამენტს არ აქვს საფუძველი, ბადრი ჯაფარიძეს შეუწყდეს სადეპუტატო მანდატი.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, კომიტეტმა უნდა იმსჯელოს, არსებობს თუ არა გამამტყუნებელი განაჩენი და შესულია თუ არა ეს განაჩენი კანონიერ ძალაში. მისი თქმით, ორივე გარემოება ქმნის ლეგიტიმურ საფუძველს, შეუწყდეს ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება. მისი თქმით, საქმის სამართლებრივ დეტალებსა და შინაარსზე მსჯელობა პარლამენტის  კომიტეტი უფლებამოსილი არაა.

კომიტეტმა განხილვის გარეშე დაუჭირა მხარი კახა კუჭავას უფლებამოსილების შეწყვეტასაც.

კომიტეტის დასკვნის შემდეგ დეპუტატების საკითხს კენჭი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეყრება.