კორონავირუსის „დელტა“ შტამის AY.4.2 ქვეშტამი რუსეთშიც დაფიქსირდა

პუბლიკა

რუსეთში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის ქვეშტამის „ცალკეული შემთხვევები“ დააფიქსირეს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის მთავრობის ერთ-ერთი სააგენტოს წამყვანი მკვლევარი საუბრობს.

კამილ ხაფიზოვის თქმით, ახალი ქვეშტამი AY.4.2 შესაძლოა, 10%-ით უფრო გადამდები იყოს, ვიდრე საწყისი „დელტა“ შტამი. ახალ ქვეშტამს შეიძლება უკავშირდებოდეს რუსეთში ბოლო დროს ახალი შემთხვევების სწრაფი ზრდა, რასაც სიკვდილიანობის მატებაც მოჰყვა. მკვლევარი მიიჩნევს, რომ ახალმა შტამმა შესაძლოა, ხანგრძლივ პერსპექტივაში თავდაპირველი „დელტა“ ნელ-ნელა ჩაანაცვლოს.

თუმცა, ხაფიზოვის თქმით, ვაქცინები ახალი ქვეშტამის წინააღმდეგაც საკმარისად ეფექტიანია და ახალი ქვეშტამი არ არის იმდენად განსხვავებული, რომ „დრამატულად შეცვალოს“ ანტისხეულების მოქმედება.

AY.4.2 ქვეშტამით ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება ინგლისშიც, მაგრამ ინგლისის ჯანდაცვის მინისტრის საჯიდ ჯავიდის თქმით, არ არსებობს მიზეზი, რომ ახალი ქვეშტამი „დელტაზე“ დიდ საფრთხედ ჩაითვალოს.