კორონავირუსით დაღუპული 20 წლის ფეხბურთელის მამამ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პუბლიკა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაღუპული ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.

„განცხადებაში ვითხოვ სასწრაფოდ დაიწყოს ჩემი შვილის, 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება. რაც შეეხება შეცდომას, გულგრილობას, უყურადღებობას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ყველაფერ აღნიშნულზე, როდესაც დავიკითხები გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველაფერს მტკიცებულებების სახით წარმოგიდგენთ“, – განაცხადა მან.

ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი ჯანდაცვის მინისტრთანაც შეხვედრას მოითხოვს. როგორც ჩარკვიანი ამბობს, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა დევი ტაბიძემ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც მისი შვილი საშუალო სიმძიმის იყო, თუმცა ვახტანგ ჩარკვიანი აღნიშნული განცხადებიდან 40 წუთში გარდაიცვალა, რაც მიანიშნებს, რომ ტაბიძეს მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

„გარდაცვალების დღიდან გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ჩემი შვილი 12 დღის განმავლობაში მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი შვილი მკურნალობდა თითქმის ერთი თვე – 11 აგვისტოდან 10 სექტებრამდე. [ტაბიძეს] პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების უფლება არ ჰქონდა, ეს იყო საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, თითქოს ჩემი შვილი საშუალო სიმძიმის იყო და ამის შემდეგ 40 წუთში გარდაიცვალა. რჩება გონივრული ეჭვი, რომ ჩემი შვილის საქმე საერთოდ არ იცოდა და ისაუბრა ის, რაც არ უნდა ესაუბრა“, – უთხრა გაიოზ ჩარკვიანმა მედიას.