ლუკაშენკას ვიზიტზე საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს – არძინბა

პუბლიკა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრი ინალ არძინბა გამოეხმაურა ქართული მხარის განცხადებებს ოკუპირებულ აფხაზეთში ბელორუსის პრეზიდენტის ლუკაშენკას ჩასვლასთან დაკავშირებით.

„აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობაა. ჩვენ ბელარუსს ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ. ისინი ჩვენი მეგობრები არიან. ამ ვიზიტთან დაკავშირებით მესამე ქვეყნების რეაქცია, მაგალითად, საქართველოსი, არ გვაღელვებს”, – თქვა არძინბამ.

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

ლუკაშენკას ვიზიტი დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მათ შესაბამისი განცხადებები „ტვიტერზე“ გაავრცელეს.

საქართველოში ბელორუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

„ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

ლუკაშენკას ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა დაგმო დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა, ასევე ავსტრიისა და ლიეტუვის ელჩებმა საქართველოში.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile