საბავშვო ლიტერატურის კონკურსის “ოქროს ბუმბულის” ფარგლებში, ქარჩხაძის გამომცემლობამ ხუთი შეკითხვით მიმართა ქართველ მწერლებს, რათა გამოეთქვათ საკუთარი აზრი საბავშვო ლიტერატურის შესახებ. ნახეთ, რას გვპასუხობს მაკა ლდოკონენი.
- რომელმა საბავშვო წიგნმა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა თქვენზე?
პირველი წიგნები თავისი უმთავრესი ზეგავლენებიანად ზღაპრების იყო: ანდერსენის, გრიმების, შარლ პეროს ზღაპრები… და, რა თქმა უნდა, „იყო და არა, იყო რა“ – გარეგნობითა თუ შინაარსით ზარდახშასავით წიგნი. მერე საბავშვო რომანებზე გადავედი. ძალიან შემიყვარდა და რამდენიმეჯერ წავიკითხე „ოზის ჯადოქარი,“ „სალამურას თავგადასავალი.“ რატომ შემიყვარდა? ალბათ იმის გამო, რომ ჩემი თამაშები თუ ოცნებები საინტერესო სიუჟეტებით გაამდიდრა. კანზასელი დოროთივით მეც მომინდა თავგადასავლების საძებნელად სახლიანად გავფრენილიყავი. სახლი ჩემთვის გაცილებით კომფორტული გარემო იყო, ვიდრე ეზო, თუმცა მოგზაურობაც მიტაცებდა. ასე რომ, დოროთის ამბავი ზედგამოჭრილი გამოდგა. მითუმეტეს, რომ სწორედ მშობლიურ ადგილებში დაბრუნების სურვილი ატარებს გოგონას ყვითელი აგურით მოკირწყლულ, სათავგადასავლო გზებზე. არჩილ სულაკაურის ზღაპარში კი სხვებს თუ ბაიასა და სალამურას წყვილი აღაფრთოვანებდა, მე ცხვირის ოპერაციაზე მეოცნებე, პოეტ ჰილარიო ბუერასთან ერთად გაპარული ფრინტა მომწონდა, თუმცა ამას როგორ გავამხელდი…
- რა კრიტერიუმებით ფასდება საბავშვო ლიტერატურა და განსხვავდება თუ არა საუფროსო ლიტერატურის შეფასების კრიტერიუმებისგან?
ჩემი აზრით, გემოვნებიანი მკითხველი ერთნაირი პრეტენზიულობით უნდა არჩევდეს სათავისო თუ საბავშვო წიგნს. ლიტერატურის კრიტიკოსებიც თანაბარი კრიტერიუმებით უნდა აფასებდნენ საბავშვო თუ სადიდო ავტორებს. საბავშვო წიგნების შეფასებისას კი მეტი სიმკაცრეც დასაშვებია, საქმე ხომ ოცნებების, ფიქრების, შინაგანი სამყაროსა და გემოვნების ჩამოყალიბებას ეხება.
- არის გავრცელებული აზრი, რომ საბავშვო მწერლობა საქართველოში არ იყო, და არც ახლაა “პრესტიჟული” (შესაძლოა არა მარტო საქართველოში). ეთანხმებით თუ არა ამ აზრს და თუ კი, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
ზოგადად მწერლის პროფესია საქართველოში რომ დაუფასებელია, ამას ვეთანხმები და რა გასაკვირია, საბავშვო მწერლებიც იგივე ბედს თუ იზიარებენ. პრესტიჟულობას რაც შეეხება, როგორ გითხრათ, თუ გულში კარგი საბავშვო ამბავი გაგეშალა, რა მოგასვენებს?!. დაწერ და ალბათ სულაც არ იფიქრებ ანაზღაურებაზე, პრიზებზე, დაფასებაზე… თუმცა მედლის მეორე მხარეც არსებობს: ლიტერატურული პრემიები და კონკურსები წამახალისებელი ფაქტორია. ამიტომაც იწერება უცხოეთში უამრავი ახალი, ჟანრობრივად განსხვავებული საბავშვო წიგნი (აღარაფერს ვამბობ მათ მიხედვით შექმნილ კომპიუტერული თამაშებზე, ანიმაციურსა თუ მხატვრულ ფილმებზე).
- უნდა იყოს თუ არა საბავშვო ლიტერატურა დიდაქტიკური? ხშირად ჩვენთვის ყველაზე საყვარელი პერსონაჟების ქცევა საბავშვო ლიტერატურიდან არ ემთხვევა საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალსა თუ ქცევის წესებს (პეპი სკოლაში არ დადის და უკუღმა სძინავს, ტომ სოიერს ტყუილების თქმაში ვერ შეეჯიბრები, ლიონებერგელი ემილი ათას სისულელეს სჩადის). რაშია საქმე – ორმაგ სტანდარტთან ხომ არ გვაქვს საქმე?
დიდაქტიკა მისაღებია თუ სტრიქონებშუა არის ჩამალული და მაღალი ტრიბუნიდან, რუპორით არ ატყდება თავს პატარა მკითხველს.
აი, მაგალითად: ზოგჯერ ავტორს სურს ქრიატიანული მოტივები ჩართოს ტექსტში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველ თავს სახარებიდან ან ფსალმუნიდან ნაწყვეტი უნდა უძღოდეს. მარია ფარის „ვაფლის გულებში“ ისეთი ორიგინალური ფორმითაა ნახსენები ნოეს კიდობანი, ისე შეუმჩნევლად გასდევს ნაწარმოებს დაკარგული ცხვრის იგავის არსი, რომ მას თანაბარი სიყვარულით იღებს ნებისმიერი ეროვნებისა თუ აღმსარებლობის ბავშვი. თუ ავტორს სურს პატრიოტულ მოტივებზე ააგოს ნაწარმოები, კი ბატონო, მაგრამ ცხვირწინ საჩვენებელი თითის ქნევა და პათეტიკური ტონი უადგილოა. ბავშვებისთვის წერა ბეწვის ხიდზე სიარულს გავს – საფრთხილოა. რაც შეეხება პეპის, კარლსონის, ემილის, ტომის, ჰაკის, ლენა-თრილესა თუ სხვათა არაორდინალურობას, ეს გმირები იმისთვის გამოიგონეს ავტორებმა, საკუთარ თავებს გვერდიდან რომ შეხედონ ბავშვებმა; გადაჭარბებულ სიცელქესა და ზედმეტად სერიოზულობას შორის ოქროს შუალედს მიაგნონ.
- საკუთარი ბავშვობის გახსენებისას, რამდენად წინ მოდის საბავშვო ლიტერატურიდან მიღებული შეგრძნებები და გამოცდილებები რეალურ სამყაროში მიღებულთან შედარებით, და რამდენად ეფუძნება ამას დღევანდელი თქვენი მსოფლმხედველობა?
დასრულდა ბავშვობის დღეები და მეც სხვასავით დამავიწყდა გზა ქონდარეთისკენ, მეც მომხსნეს კეფასთან შეკრული, ზურმუხტისფერი სათვალე და რეალური სამყაროს გაცნობა დავიწყე, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ჩემში სამუდამოდ მიიძინა ბავშვურმა სიცელქემ, გულისწყვეტამ თუ სანტიმენტებმა. გარდა ამისა, ბავშვობაში წაკითხულმა წიგნებმა მომავალში საინტერესო პროექტებსა თუ წამოწყებებს დაუდო საფუძველი, შემოქმედებითი გაკვეთლების ჩატარების სტიმული მომცა. ამაში ალბათ ბევრი ჩემი კოლეგა დამეთანხმება და მსოფლიოში ცნობილი ფაქტებიც გამოდგება. მაგალითად: ჯგუფ პინკ ფლოიდის პირველი ალბომს ჰქვია „მესტვირე დასავლეთის კარიბჭესთან“ – ერთ-ერთი თავის სათაური სიდ ბარეტის საყვარელი საბავშვო წიგნიდან „ქარი ტირიფებში.“ ტუვე იანსონის მოთხრობა „უჩინარი ბავშვი“ არაერთი ფსიქოლოგის კვლევის საგნად თუ სათაურად იქცა და ა.შ. (უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება). რაც შეეხება ჩემს მსოფლმხედველობას, რთული დასაზუსტებელია, ადამიანები ხომ გამუდმებით ძიების პროცესში ვართ, სამყაროსთან ერთად ვიცვლებით, ახალ-ახალი წიგნებით ვსაზრდოობთ და… რითაც ვივსებით, იმასვე წარმოვაჩენთ. მე დღემდე ვსულდგმულობ საბავშვო წიგნებით, ასე რომ, დასკვნა თქვენთვის მომინდვია.
შეგახსენებთ, რომ გრძელდება ნაწარმოებების მიღება საბავშვო ლიტერატურული კონკურსისთვის „ოქროს ბუმბული“.
პროექტის ორგანიზატორია:
პროექტის ხელშემწყობები არიან:
თბილისის მერია;
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
საინფორმაციო მხარდამჭერი: ტელეკომპანია ფორმულა;